ახალი ამბები

არ მგონია, რომ ქართველებს პოლიტიკოსები ბანკირებზე მეტად უყვარდეთ – უსუფაშვილი

27 ივლისი, 2020 • 1090
არ მგონია, რომ ქართველებს პოლიტიკოსები ბანკირებზე მეტად უყვარდეთ – უსუფაშვილი

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის და ამჟამად „ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის თქმით, არ ფიქრობს, რომ ქართველ ხალხს პოლიტიკოსები მეტად უყვარს, ვიდრე ბანკირები. ამის შესახებ უსუფაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“მე არ მგონია, რომ ქართველ ხალხს პოლიტიკოსები მეტად უყვარს, ვიდრე ბანკირები, მე არ მგონია, რომ ქართველ ხალხს ჟურნალისტები მეტად უყვარს, ვიდრე ბანკირები და ა.შ. ზოგადად, ქართველი ხალხი არის გაწამებული, შეწუხებული იმ ცხოვრების პირობებით, რაც ამ ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაშია, და სწორედ ამისგან უნდა გამოვერკვეთ ჩვენ ყველანი”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად საარჩევნო პროცესია, სხვადსახვა პოლიტიკოსები აპელირებენ იმით, რომ “ლელოს” ლიდერები ,ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბანკირები არიან, თუმცა კითხვა სხვაგვარად უნდა დაისვას:

“ბანკებიდან მიღებული დაფინანსებით, ანუ კრედიტით, ანუ სხვისი ფულით, მეტმა ადამიანმა გააკეთა თავისი საქმე, ანუ ფეხზე დადგა, ბიზნესი განავითარა, გადაიხადა სასწავლო გრანტი და სხვა პრობლემები მოაგვარა… ანუ სესხის გარეშე უკეთ ვიქნებოდით თუ სესხით?”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისი განმარტებით, ზოგადი ფინანსური გაჭირვების მოსაგვარებლად ხელისუფლების შეცვლაა საჭირო, ბანკები კი ფულს ხალხს ასესხებენ, რათა თავიანთი პრობლემა მოაგვარონ და თუ პრობლემა ის არის, რომ მათ ამ თანხის დაბრუნება არ სურთ, ეს არ არის სწორი, რადგან ეს ფულიც სხვას ეკუთვნის, შესაბამისად, მათაც სურთ საკუთარი თანხების უკან დაბრუნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი