ახალი ამბები

პროკურატურის თანახმად, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი მანქანით ბავშვს დაეჯახა, რომელიც დაიღუპა

27 ივლისი, 2020 • 903
პროკურატურის თანახმად, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი მანქანით ბავშვს დაეჯახა, რომელიც დაიღუპა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სოფელ არაგვისპირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, პოლიციის თანამშრომელი დააკავეს.

„გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ.ფ. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობდა. სოფელ არაგვისპირთან ვ.ფ. შეეჯახა ქვეითად მოსიარულე, არასრულწლოვან ლ.ზ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა“, – აცხადებს პროკურატურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და  ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

პროკურატურის განცხადებაში დასახელებული მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, ხოლო მე-7 ნაწილი:

იგივე ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი