ახალი ამბები

“ლელომ” კანცელარიასთან აქცია გამართა

24 ივლისი, 2020 • 941
“ლელომ” კანცელარიასთან აქცია გამართა

მთავარი პროკურორისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით “ლელომ” მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართა.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა “ტვ პირველს” უთხრა, სისტემური ცვლილებები სჭირდება როგორც პროკურატურას, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს. თუმცა მნიშვნელოვანია, მანამდე ამ პირებმა “ჩაფლავებული საქმეებისთვის” პასუხი აგონ და თანამდებობები დატოვონ.

“ქვეყანაში, ფაქტობრივად, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას ვუყურებთ. ეს არის ძალიან სამწუხარო, თუმცა ლოგიკური შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გაატარა. მან გადმოიბარა უსამართლო სამართალდამცავი სისტემა და სასამართლო და საკუთარ პოლიტიკურ ნებას დაუქვემდებარა. ამის შედეგად ვხედავთ, რომ ეს სისტემა კანონისა და ადამიანის დაცვას კი არ ემსახურება, არამედ სიმართლის ჩაფარცხვას და მკვლელებისთვის ხელის დაფარებას. ჩვენ მოვითხოვთ მთავარი პროკურორის, რომელიც ერთხელ უკვე გადადგა მსგავსი ჩაფლავების გამო, შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” მეორედ დააბრუნა თანამდებობაზე, შოთაძის გადადგომას და მოვითხოვთ გომელაურის გადადგომას”,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

როგორც “ლელოს” წერმა დეა მეტრეველმა “ნეტგაზეთს” უთხრა, ეს იყო პარტიის ქალების საბჭოს მიერ ორგანიზებული აქცია, სადაც გააპროტესტეს ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალური და ე.წ. ქურდული მენტალიტეტის გაძლიერება.

“გავაპროტესტეთ უმოქმედობა და უუნარობა ძალოვანი სტრუქტურების და მათი არაკეთილსისნდისიერი მუშაობა. მოვითხოვეთ მთავრობისგან და აქცია სწორედ ამიტომ გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან, რადგან მათზე მთავრობაა პასუხისმგებელი, დააყენოს ყველა თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, ვინც ვერ ან არ ასრულებს მასზე ნაკისრ ვალდებულებებს”,-აცხადებს მეტრეველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი