ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“საქართველოს და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას და ძმობას არაფერი ემუქრება” – გახარია Haqqin-ის ბრალდებაზე

24 ივლისი, 2020 • 3885
“საქართველოს და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას და ძმობას არაფერი ემუქრება” – გახარია Haqqin-ის ბრალდებაზე

„საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და ძმობას არაფერი ემუქრება“ — ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო მედიის გავრცელებულ ცნობაზე, რომლის თანახმადაც საქართველოს გავლით სომხეთს იარაღი მიაწოდეს.

აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო გამოცემა Haqqin.az აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთმა და სერბეთმა სომხეთს იარაღი მიაწოდეს.

20 ივლისს აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანში სერბეთის ელჩი დანიკა ვეინოვიჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია არა მხოლოდ უარყვეს, არამედ მას „დეზინფორმაცია“ უწოდეს და „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ პუბლიკაცია „მიმართულია ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ“.

მოგვიანებიოთ, 21 ივლისს, Haqqin.az-მა გაავრცელა ფოტოები, რომელზეც, მათ თანახმად, ჩანს აღნიშნული გადაზიდვის ფაქტი. თუმცა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ფოტოზე არის „ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა ყველაფრის გარეშე“. „რა შეიარაღება“?! – იკითხა მან.

„პოლიტიკური პრობლემა საქართველოს, რა თქმა უნდა, არ ექმნება. ჩვენ ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ სრულად საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა პრემიერმა.

„თქვენ რაც ბრძანეთ, ჯერ ეს ერთი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია. ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მაშინ, როცა ეს იქნება ჩვენს ორი ქვეყანას შორის რაღაც მსჯელობის საგანი“.

ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ საუბარი იყო „სამთავრობო მედიაზე“, რაზეც გახარიამ უპასუხა: „რას ნიშნავს სამთავრობო მედია“?

ამის შემდეგ პრემიერმა განაცხადა: „საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არანაირი გაუგებრობა არ არსებობს. ჩვენს სტრატეგიულ პარნტნიორობას, ძმობას, არაფერი არ ემუქრება და ამასთან ერთდ, საქართველოს, როგორც ყველა სახის სატრანზიტო პოლიტიკა, არის განსაზღვრული ქვეყანაში და, პირველ რიგში, რეგიონში სტაბილურობის დაცვის მიზნით“.

ვრცლად ამ თემაზე:

თბილისში დეზინფორმაცია უწოდეს Haqqin.az-ის სტატიას

მასალების გადაბეჭდვის წესი