ახალი ამბები

უკრაინაში მამაკაცმა პოლიციელი მძევლად აიყვანა

23 ივლისი, 2020 • 1252
უკრაინაში მამაკაცმა პოლიციელი მძევლად აიყვანა

უკრაინის ქალაქ პოლტავაში ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციის თანამშრომელი მძევლად აიყვანა, იუწყება „უნიანი“.

გამოცემის ცნობით, შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანტონ გერაშენკომ საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა.

„23 ივლისს,  09:05-ზე [ადგილობრივი დროით] პოლტავაში, ადმინისტრაციულ სასამართლოსთან სისხლის სამართლის ძიების განყოფილების თანამშრომლები ცდილობდნენ დაეკავებინათ მოქალაქე, რომელიც საფუძვლიანადაა ეჭვმიტანილი სატრანსპორტო საშუალებების არაკანონიერ მოპოვებაში. დაკავებისას მან ამოიღო ხელყუმბარა და მისი აფეთქებით იმუქრება. ხელით დაიჭირა პოლიციის თანამშრომელი“, — წერს იგი.

გერაშენკოს თქმითვე, მოლაპარაკებების შემდეგ მძევლად აყვანილი პოლიციელი პოლტავის ოლქის სისხლის სამართლის ძიების უფროსზე, პოლიციის პოლკოვნიკ შიანზე გაცვალა, შემდეგ კი, მოთხოვნის შედეგად მიღებული ავტომობილით გაემგზავრა. ახლა მასთან აგრძელებენ მოლაპარაკებების წარმოებას.


ბოლო დღეებში ეს მეორე შემთხვევაა, როცა შეიარაღებულმა პირმა მოქალაქეები მძევლად აიყვანა. წინა ჯერზე მძევლები ბოროტმოქმედმა მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მის მიერ შერჩეული ფილმის ყურება მოქალაქეებს ურჩია პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.

გარეკანის ფოტო: poltavske.tv

 

მასალების გადაბეჭდვის წესი