ახალი ამბები

გარდაბანი არ ჩაიკეტება, თუმცა მუნიციპალიტეტში გაფართოებული ტესტირება იწყება

21 ივლისი, 2020 • 1306
გარდაბანი არ ჩაიკეტება, თუმცა მუნიციპალიტეტში გაფართოებული ტესტირება იწყება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს არ მიუღია გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება, თუმცა რეგიონში გაფართოებული ტესტირება და თერმოსკრინინგი დაიწყება.

ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში გამოვლენილი 63 ახალი შემთხვევიდან 24 გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაფიქსირდა:

მისი თქმით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში უკვე გმაოიკვლიეს 1077 ადამიანი, რომელთაგან ახალი კორონავირუსი 24 პირს დაუდასტურდა, 94 კი კარანტინში გადაიყანეს:

“გარდაბნის მუნიციპალიტეტის ამ სოფლებიდან ჩვენ უკვე გამოვიკვლიეთ დაახლოებით 1077 ადამიანი და 24 პოზიტიური შემთხვევა დაფიქსირდა, 94 ადამიანი არის გადაყვანილი კარანტინში. ცოტა რთულია ურთიერთობა მოსახლეობასთან და კარანტინში გადაყვანა კონტაქტირებული ადამიანების რთულდება, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, ყველა, ვინც ექვემდებარებოდა, გადაგვეყვანა.

დღეიდან, დილის 8 საათიდან დაიწყო გაფართოებული ტესტირება ამ სოფლებში. 6 ბრიგადა მუშაობს ყარაჯალაში და 3 საათის წინ მქონდა ინფორმაცია, 107 ნიმუში იყო აღებული და, ვფიქრობთ, დღის ბოლომდე 600 700 ნიმუშს ავიღებთ. კვირის ბოლომდე გაგრძელდება მუშაობა ამ ადამიანებთან და მათი ტესტირება, რათა სრულად მოვიცვათ”, – ამბობს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ რეგიონის მცხოვრებთა დიდი ნაწილი აგრარულ ბაზრებზეა დასაქმებული, რის გამოც საჭიროდ მიიჩნევს მსგავს ობიექტებზე კონტროლის გამკაცრებას:

“ეს ადამიანები ძალიან აქტიური გახლავან, ისინი მუშაობენ სხვადასხვა ბაზრობებზე და გასამკაცრებელი იქნება [ზომები] მათ შორის ლილოს ბაზრობაზე, დინამოს ბაზრობა, სხვადსხვა სასურსათო პროდუქტების ბაზრობებზე ყურადღება მეტი, თერმოსკრინინგი, სიმპტომებიანი ადამიანების გამოკვეთა და მათ იიზოლირება”, – ამბობს გამყრელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი