ახალი ამბებიეკონომიკა

რა სიახლეს სთავაზობს სები სავალუტო ბაზრის მონაწილეებს

21 ივლისი, 2020 • 2225
რა სიახლეს სთავაზობს სები სავალუტო ბაზრის მონაწილეებს

ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზრის მონაწილეებს ბლუმბერგის ახალ Bmatch პლატფორმას სთავაზობს. ახალი პლატფორმა ნაწილია იმ რეფორმისა, რომელიც მოიცავს ახალ წესს სავალუტო ბაზრის მონაწილეებისთვის. საქმიანობის ახალი წესი თავის მხრივ ეფუძნება 2017 წელს მიღებულ გლობალურ სავალუტო კოდექსს, მეორე ნაწილი კი ახალი სავაჭრო პლატფორმის, Bmatch-ის ამოქმედებას ითვალისწინებს. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პლატფორმას უკვე იყენებს 15 ბანკი, 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ერთი მსხვილი კომპანია და უცხოური საინვესტიციო ფონდი.

რა არის Bmatch პლატფორმა და როგორ მუშაობს ის

დღეს გაცვლითი კურსი განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ, რომელიც შედგება კომერციული ბანკებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვა შედის. ბანკთაშორისი სავალუტო ბაზარი ორგანიზებულია ბლუმბერგის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში, რომლის საშუალებითაც ხდება ვალუტებით ვაჭრობის გარიგებების დადება. აღნიშნულ ბაზარზე მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში ლიცენზირებულ ყველა კომერციულ ბანკსა და უცხოური ბანკების ფილიალებს, რომლებსაც, მათი მოთხოვნის საფუძველზე, ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული აქვთ მონაწილე ბანკის სტატუსი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, მათი ინიციატივით ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში შეიქმნა ლარი-დოლარის Bmatch პლატფორმა, რომლის მიზანია, საფინანსო ინსტიტუტების გარდა, ამ პლატფორმით სხვა კომპანიებმაც ისარგებლონ. მისივე თქმით, მსხვილ კომპანიებს, რომელთაც ბლუმბერგის ტერმინალის ქონის სურვილი ექნებათ, ამ პლატფორმაში პირდაპირ ჩაერთვებიან და მისი საშუალებით იყიდიან/გაყიდიან უცხოური ვალუტას.

“თუ აქამდე კომპანიებს სავალუტო გარიგებაზე შეთანხმება ბანკებთან უწევდათ და ასეთი ბანკების წრე იმ კომპანიებით შემოიფარგლებოდა, სადაც მათ ანგარიში აქვთ გახსნილი, ახლა უკვე ყველა კლიენტს თავისი სურვილისამებრ საშუალება ექნება, მომსახურე ბანკს მისი განაცხადის Bmatch-ზე განთავსება დაავალოს. აქ კი პოტენციური გარიგების დამდები იქნება ნებისმიერი სხვა კომპანია, ბანკი თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ასეთ პირობებში თანმხვედრი განაცხადის ალბათობა და იმ მომენტში საუკეთესო ფასად, გაცილებით მაღალი იქნება”,-ამბობს გვენეტაძე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციითვე, ძველი სისტემით კომპანია უკვაშირდება ბანკს ან ერთდროულად რამდენიმე ბანკს, ეკითხება გაცვლით კურსს და იმის მიხედვით, უცხოური ვალუტის ყიდვა სურდა თუ გაყიდვა, შესაბამის შეთავაზებას იღებს. ამის შემდეგ გარიგების პირობაზე თანხმდება. აქედან გამომდინარე, ვაჭრობის ძირითადი მოცულობა ბანკსა და მის კლიენტს შორის დადებულ გარიგებაზე მოდს. Bmatch-ის შემთხვევაში თავის ბანკთან ვაჭრობის ნაცვლად კომპანიას შეეძლება მის მომსახურე ბანკს დაავალოს განაცხადის დადება ამ პლატფორმაზე. ამ განაცხადს Bmatch-ზე დახვდება სხვა შემხვედრი განაცხადები, რომელთა ინიციატორებიც ამ სისტემაში რეგისტირებული სხვა კომპანიები, ბანკები თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები იქნებიან. შედეგად, როგორც სებ-ში ამბობენ, გარიგება დაიდება უფრო მეტ მხარეს შორის და, რაც მთავარია, ბაზარზე იმ დროს არსებული საუკეთესო კურსით.

აქედან გამომდინარე სებ-ში აცხადებენ, რომ Bmatch-ს ძველ სისტემასთან შედარებით შემდეგი უპირატესობები გააჩნია:

  • აქ ვაჭრობა შეეძლება უფრო მეტ მონაწილეს
  • დაემატებიან კომპანიები, რომლებსაც ან პირდაპირ საკუთარი ტერმინალით შეეძლებათ ვაჭრობა, ან არაპირდაპირ ბანკის მეშვეობით დადებენ განაცხადებს.
  • ერთ პლატფორმაზე უფრო მეტი მონაწილის თავმოყრა გაზრდის ლიკვიდობას და შეამცირებს სპრედებს. ინფორმაცია ბაზარზე არსებული საუკეთესო კურსების შესახებ ამ პლატფორმის მეშვეობით უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდება
  • აქ დადებული განაცხადები გარიგების დადებამდე ანონიმურია, არ ჩანს, ვინ ყიდის თუ ყიდულობს ვალუტას. სამაგირეოდ ჩანს საუკეთესო კურსები და ყველას შეუძლია ამ კურსით დადოს გარიგებები.

“Bmatch პლატფორმაზე დაშვება ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ექნებათ. არაპირდაპირი წვდომისთვის კომპანიას ტერმინალი არ დასჭირდება, რადგან მას მომსახურებას ბანკი გაუწევს ფიქსირებული ტარიფის სანაცვლოდ. პირდაპირი წვდომისთვის კომპანიამ KYC პროცედურა უნდა გაიაროს და ეროვნული ბანკის თანხმობა მიიღოს სისტემაში ჩართვაზე”,-აცხადებს სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ლალიაშვილი. მისივე თქმით, კომპანიებისთვის ეს ტარიფი ფიქსირებული იქნება და ამ შემთხვევაში გარიგების მოცულობას მნიშვნელობა არ ექნება.

ანუ Bmatch-ის მეშვეობით მსხვილი კომპანიები სავალუტო ბაზარზე კომერციული ბანკების გარეშე შეძლებენ ვაჭრობას. მათ ექნებათ არჩევანი, ან თავად ჩაერთონ ტერმინალში და მისი მეშვეობით პირდაპირ ივაჭრონ ვალუტით, ან განაცხადები ბანკის დახმარებით განათავსონ პლატფორმაზე. შედეგად, ისინი აღარ იქნებიან შეზღუდული გარიგებების ერთ ბანკთან დადებით, არამედ ივაჭრებენ იმ ბანკებთან ან კომპანიებთან, ვინც მათ უკეთეს ფასს შესთავაზებს.

როგორც ეროვნულ ბანკში ამბობენ Bmatch პლატფორმა საქართველოში მარტიდან ამოქმედდა და ამ ეტაპზე ტესტირების რეჟიმში ფუნქციონირებს. მათივე ინფორმაციით, Bmatch -ზე ნებისმიერი კომპანია შეძლებს ჩართვას, რომელიც შეიძენს საკუთარ ტერმინალს, დაიქირავებს ერთ ან ორ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირს და დააკმაყოფილებს ბლუმბერგის KYC მოთხოვნებს. რადგან ახალი პლატფორმა კომპანიებს საშუალებას მისცემს, ბანკების გვერდის ავლით ივაჭრონ ვალუტით.  ნეტგაზეთი დაინტერესდა, ეს ხომ არ გამოიწვევს ბანკების შემოსავლების შემცირებას. ცენტრალური ბანკის მიერ ნეტგაზეთისთვის წერილობით გამოგზავნილ პასუხში ნათქვამია, რომ საწყის ეტაპზე ამან შესაძლოა შემოსავლების შემცირება გამოიწვიოს:

“ჩვენ ველოდებით, რომ ამ რეფორმების შედეგად შემცირდება სავალუტო სპრედები, ანუ ყიდვა- გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა, რაც აფორმირებს კიდეც ბანკების შემოსავალს. თუმცა, იმავდროულად, ველით, რომ გაზრდილი გამჭვირვალობა, მეტი ლიკვიდობა ბაზარზე კიდევ უფრო მეტ მონაწილეს მოიზიდავს, მათ შორის -არარეზიდენტ მონაწილეებს. შედეგად, ბაზრის ამ სეგმენტზე ბრუნვები დროთა განმავლობაში გაიზრდება, რაც დააკომპენსირებს დავიწროებული სპრედებით შემცირებულ შემოსავლებს.”

Bmatch-ის გავლენა გაცვლით კურსზე

კობა გვენეტაძის თქმით, მომავალში სები გეგმავს, ვალუტის კურსის გაანგარიშება მხოლოდ Bmatch პლატფორმაში მოხდეს, რადგან ამ გზით გაცვლითი კურსი კიდევ უფრო “რეპრეზენტატული გახდება”. ნეტგაზეთმა ეროვნულ ბანკს ჰკითხა, რა იგულისმება ამ “რეპრეზენტატულობაში” და რეალურად ახალი პლატფორმა რა ფორმით აისახება ლარის კურსის დადგენაზე. ეროვნული ბანკის განცხადებით, ლარის კურსზე ამ პლატფორმას არსებითი გავლენა არ ექნება, თუმცა Bmatch-ზე დადგენილი კურსი უფრო ზუსტად ასახავს “ბაზარზე არსებულ მდგომარეობას”.

დღეს კურსის დადგენა ხდება როგორც ბლუმბერგის ტრადიციული სისტემით, ასევე Bmatch-ით განხორცილებელი გარიგებებით. მომავალში, გარკვეული პერიოდის დაკვირვების და გამოცდილების დაგროვების შემდეგ კი, კურსის დადგენა მთლიანად ამ პლატფორმაზე მოხდება.

ოფიციალური კურსის გაანგარიშებაში მონაწილეობას მიიღებს უფრო მეტი გარიგება, რომელიც დაიდება კომპანიებს, ბანკებს, მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს და სისტემის სხვა მონაწილეებს შორის. ანუ ოფიციალური კურსის გამოთვლისას, რომელიც თავისი შინაარსით არის ბაზარზე დადებული გარიგებების კურსების საშუალო, გამოყენებული გარიგებები, ბაზრის უფრო დიდ წილს მოიცავს, ვიდრე აქამდე. ლარის კურსზე, რომელიც ეკონომიკური ფაქტორების გავლენით ყალიბდება, ეს არსებით გავლენას არ მოახდენს. თუმცა ის კიდევ უფრო ზუსტად ასახავს ბაზარზე არსებულ მდგომარეობას”, – აცხადებენ სებ-ში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი