ახალი ამბები

სანდრო ბრეგაძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

21 ივლისი, 2020 •
სანდრო ბრეგაძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც “ნეტგაზეთს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ბრეგაძე უწყებაში დაბარებულია ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

სანდრო ბრეგაძეს სუს-ში 12:00 საათზე ელოდებიან.


სუს-მა მიმდინარე წლის 30 მაისს განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ აკონკრეტებს, რა შემთხვევებზეა საუბარი, თუმცა ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 142 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქმედებას, ჩადენილს ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვას ანდა იმავე ნიშნით ადამიანისთვის უპირატესობის მინიჭებას, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილს პირთა ჯგუფის მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი