ახალი ამბები

ქუთაისში მომხდარ მკვლელობაზე ერთი პირი დააკავეს

19 ივლისი, 2020 • 1259
ქუთაისში მომხდარ მკვლელობაზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული ბ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა მიმდინარე წლის 18 ივლისს, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან – 1989 წელს დაბადებულ ე.ჩ.-სთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ე.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი