ახალი ამბები

ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან

18 ივლისი, 2020 • 1846
ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან

კელი დეგნანი – ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, გასულ კვირას სტუმრად ბათუმს. „ბათუმელებმა“ 14 ივლისს მასთან ინტერვიუ ჩაწერა. ელჩმა ჩვენს კითხვებს უპასუხა, როგორც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ისე მედია გარემოზე.

  • ქალბატონო ელჩო, აშშ საელჩო მიესალმა ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო პაკეტის მიღებას, თუმცა 2 ივლისს, როცა მედიასთან კომენტარი გქონდათ, აღნიშნეთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ხარვეზები ისევ რჩება. თუ შეიძლება, გავშალოთ ეს საკითხი – რისი გამოსწორება შეიძლებოდა ამ ცვლილებებით?

დიდი მადლობა შეკითხვისთვის. მოხარულები ვართ, რომ პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც ასე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტი გახდეს უფრო პლურალისტური, უფრო მეტი ხმა იყოს წარმოდგენილი მასში. ვფირობ, ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და აგრეთვე დიდი წარმატება ყველა იმ პარტიისთვის, ვინც მხარი დაუჭირა ამ ცვლილებების მიღებას.

ჩვენ ასევე მივესალმებით საარჩევნო კანონმდებლობის მიღებას, რომელშიც შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. არსებობს მრავალი რეკომენდაცია, რომელსაც ეუთო/ოდირი გასცემდა წლების განმავლობაში, წინა პერიოდის არჩევნების დროს დაფიქსირებული  პრობლემების გადასაჭრელად. საარჩევნო რეფორმის შედეგად ახალმა კანონმდებლობამ  გარკვეულწილად ასახა ეს რეკომენდაციები. თუმცა ჩვენი სურვილი იყო კანონმდებლობაში გვეხილა დებულებები, რომლებიც უფრო დეტალურად დაარეგულირებდა ისეთ საკითხებს როგორიცაა: ამომრჩეველთა შესაძლო დაშინება, საარჩევნო კომისიების პროფესიონალური ნიშნით დაკომპლექტება, საარჩევნო დავების გადაწყვეტის საკითხი, ხმების ხელახალი დათვლის პროცესი. ასევე იმედი გვქონდა, რომ ახალი საარჩევნო კოდექსი დაარეგულირებდა საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხს, რაც მნიშვნელოვანია  საარჩევნოდ თანაბარი პირობების შექმნისთვის, ასევე დაარეგულირებდა საარჩევნო რეკლამის საკითხს, რაც საშუალებას აძლევს პარტიებს თავისი პლატფორმა გააცნონ საზოგადოებას. ეს საკითხები აღნიშნული იყო ეუთო/ოდირის რეკომენდაციებში, თუმცა პარლამენტმა ვერ შეძლო მათი ასახვა ახალ კანონმდებლობაში.

ეს ძალზედ მნიშვნელოვანია თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად.

მსურს ყურადღება გავამახვილო ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე, მის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია. მას დიდი ყურადღებით დააკვირდებიან და ჩვენ არ ვსაუბრობთ  მხოლოდ არჩევნების დღეზე. ეს შეეხება თავად კამპანიასაც – დასაწყისიდან ბოლომდე. გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა წინ და ეს კარგია, მაგრამ უფრო მეტია გასაკეთებელი  გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად.

  • საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემას ცვლის საქართველოში. 8 მარტის შეთანხმების საკითხი ამოწურულია, თუ რჩება გიორგი რურუას გათავისუფლების თემა?

ამ შემთხვევაში, ალბათ, ჩემი აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ეს იმ პარტიების გადასაწყვეტია, რომლებიც თავად არიან ხელშეკრულების მხარეები. ვიცით, რომ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა – ზოგიერთი  ოპოზიციური პარტია ფიქრობს, რომ ბოლომდე არ არის შესრულებული და პრინციპული პოზიცია უკავია ამასთან  დაკავშირებით. ვფიქრობ, ახლა, როცა წინასაარჩევნოდ რჩება საკმაოდ მცირე დრო, მნიშვნელოვანია თითოეულმა პარტიამ დაიწყოს კამპანია – საზოგადოებას წარუდგინოს, აუხსნას თავისი პლატფორმა, თუ პროგრამა, ის თუ, რატომ უნდა მისცენ ხმა ამა თუ იმ პარტიას.

მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით ამ პროცესში დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას, მედიას. მოსახლეობას უნდა აუხსნან, რას ნიშნავს ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რა შეიცვლება ამ ცვლილებებით, რას ნიშნავს ახალი საარჩევნო კოდექსი. როდესაც ამომრჩეველი მივა საარჩევნო ყუთთან, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაცია.  ამასთან, გასათვალისწინებელია კოვიდ 19-თან დაკავშირებული ვითარება. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, როგორ მისცეს ხმა უსაფრთხოდ კოვიდ19-ის პირობებში – კოვიდის გამო ამომრჩეველმა არ უნდა დაკარგოს არჩევნებზე წასვლის სურვილი.

  • თქვენ დღეს პირველად ხართ ბათუმში და დაგეგმილი შეხვედრა გქონდათ ბათუმის მერთან, მაგრამ მას ვერ შეხვდით – ის რატომღაც შვებულებაში წავიდა. თქვენი აზრით, დემოკრატიის რა ეტაპზე ვართ, როცა ქვეყანაში უკვე მე-6 არჩეული მერი ტოვებს თანამდებობას. მით უფრო, რომ ჩვენი ინფორმაციით, ბათუმის მერი ამ გადაწყვეტილებას საკუთარი ნების წინააღმდეგ იღებს?

ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ბათუმში. ეს ჩემი პირველი ვიზიტია ამ  ულამაზეს ქალაქში. ბევრი მსმენია მის შესახებ და ძალიან მიხარია, რომ ჩამოვედი და მქონდა  შესაძლებლობა შევხვედროდი ხელისუფლების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანსაღი დემოკრატიის შენარჩუნების საქმეში.

თქვენი კითხვა პირდაპირ უკავშირდება ადგილობრივი თვითმართველობის მნიშვნელობას, რაც ძალზედ საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულებაა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. მოგეხსნებათ, ამერიკის განვითარების სააგენტო UშAID ადგილობრივ თვითმმართველობებში   ქვეყნის  მასშტაბით ახორციელებს პროგრამას, სახელწოდებით „კარგი მმართველობა“. ბათუმიც არის ამ პროგრამის მონაწილე. პროგრამის ძირითადი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება, მათი შესაძლებლობების განვითარება იმისათვის, რომ უკეთესი კავშირი ჰქონდეთ საზოგადოებასთან, უკეთ იყვნენ ორიენტირებული საზოგადოების მიერ წამოჭრილი საკითხების გადაჭრაზე. გარდა ამისა, ეს პროგრამა მხარს უჭერს ადგილობრივი თვითმართვეობების საქმიანობის პრაქტიკულ მხარესაც – ბიუჯეტის განვითარებას, მეტი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. ეს ხელს უწობს საზოგადოების უკეთეს ურთიერთობას ადგილობრივ მთავრობასთან, მათ მონაწილეობას მიმდინარე პროცესებში და ამ ინსტიტუტების მიმართ ნდობის გაზრდას.

  • იქნებ ამ კითხვაზე გვიპასუხოთ – დემოკრატიის რა ეტაპზე ვართ, თქვენი შეფასებით, როცა მე-6 არჩეული მერი თანამდებობას ტოვებს, თანაც ჩვენი ინფორმაციით, საკუთარი ნების წინააღმდეგ?

არ ვიცი ექვსი მერის საქმის დეტალები და არც ამ კონკრეტული შემთხვევის დეტალები. მე მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ვიცე-მერთან, ჯაბა ტუღუშთან, რომელიც ჩართულია მერიის საქმიანობაში და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობს. ექვსი თვეა ვიმყოფები საქართველოში და შემიძლია შევაფასო დემოკრატია, როგორც საკმაოდ სიცოცხლისუნარიანი, ცოცხალი, თავისი დათმობებით, კომპრომისით. ეს ასეც უნდა იყოს, ეს დამახასიათებელია ჯანსაღი დემოკრატიისთვის. სწორედ ამიტომ არის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ასე მნიშვნელოვანი და შემდეგ, ერთ წელიწადში – ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. საქართველო ავითარებს კონტროლისა და ბალანსის სისტემას, რაც საშუალებას მისცემს ხალხს გამოხატოს თავისი მოსაზრება – მიდის თუ არა დემოკრატიული განვითარება სწორი გზით, თუ არსებობს პრობლემები.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ პროცესში, ჩვენ მხარს ვუჭერთ, ვეხმარებით  საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. ეს თავის მხრივ იმას უწყობს ხელს, რომ ამომრჩევლმა აირჩიოს ის, ვინც უკეთ წარმოადგენს მას და მის საჭიროებებს. ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები პოლიტიკური დისკუსიის სტაბილურობის გარანტიაა, რაც დემოკრატიის ცენტრალური ნაწილია.

  • მინდა გკითხოთ აჭარის ტელევიზიაზეც. აშშ-ს საელჩოში იყვნენ მაუწყებლის ის თანამშრომლები, ვისი შეფასებითაც, ახალი მენეჯმენტის პირობებში არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას ემუქრება საფრთხე. ზოგი მათგან ამ არხიდან უკვე გაუშვეს, ზოგს ფუნქციები შეუცვალეს. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, ისე როგორც ქვეყნის შიგნით არაერთი ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ზეწოლასთან. თქვენი აზრით, რა ხდება აჭარის ტელევიზიაში?

ნებისმიერ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა არამხოლოდ იმიტომ, რომ ის ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ იმიტომ, რომ მას ხალხი უყურებს, როგორც დაბალანსებული, ზუსტი და სანდო ინფორმაციის წყაროს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობა, თუმცა ამავდროულად მას ეკისრება უდიდესი პასუხისმგებლობა საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი და სანდო ინფორმაცია. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია დამოუკიდებელ მედიასთან, რადგან დამოუკიდებელი მედია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის – თუ არ გაქვს დამოუკიდებელი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო, რა თქმა უნდა, არ გექნება ჯანსაღი დემოკრატია. და ამას დავამატებდი ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას. სწორედ ისინი უზრუნველყოფენ ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას, საზოგადოებას კი უყალიბებენ ნდობას სახელმწიფო სტრუქტირებისა და პროცესების მიმართ. ეს გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვნაია.

რაც შეეხება კონკრეტულად აჭარის ტელევიზიის საკითხს, ვიცი, რომ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში. ალბათ მომავალი გვიჩვენებს, რასთან გვაქვს საქმე – გააგრძელებს თუ არა აჭარის ტელევიზია სანდო მაუწყებლობას, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას, რითაც ის ცნობილი იყო; საგამოძიებო ჟურნალისტიკას, რომელიც გრძელდება, როგორც მე მითხრეს. თავად საზოგადოება დაინახავს და შეაფასებს, იცვლება თუ არა სარედაქციო პოლიტიკა.

  • კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი დახმარების 15 პროცენტის შეჩერებას თუ სახელმწიფო მდივანი არ დაადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა დემოკრატიული მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. რამდენად რისკის შემცველია ეს კანონპროექტი საქართველოს მთავრობისთვის?

ვფიქრობ, ამ სურათს ცოტა უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ. ერთი მხრივ საუბარია 15 პროცენტზე, მაგრამ გამოყოფილი თანხა 135 მილიონი დოლარია. ეს საკმაოდ დიდი თანხა, მოცულობით მეორე ადგილზე ევროპის ქვეყნებისთვის. გასაგებია, რომ დიდი ინტერესი და სურვილი აქვთ კონგრესის წევრებს იხილონ საქართველოს წარმატება. საქართველო მნიშვნელოვანია არამხოლოდ მისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, არამედ იმითაც, თუ ამ წლების განმავლობაში, როგორ უჩვენა ერთგულება დემოკრატიული პრინციპების მიმართ და იმის მიმართ, თუ რისი გაკეთება შეუძლია, რა ნაბიჯები შეუძლია გადადგას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის.

დავამატებდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია და სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. კონგრესმენებს ერთის მხრივ აქვთ სურვილი იხილონ წარმატებული და განვითარებული საქართველო, მაგრამ მეორეს მხრივ აქვთ კითხვები და ამავდროულად არიან ანგარიშვალდებული თავიანთი ამომრჩევლის, გადასახადების გადამხდელთა წინაშე. ისინი უნდა იყვნენ დარწმუნებული, უნდა შეეძლოთ იმის თქმა, რომ აღნიშნული ინვესტიციები სწორად, პასუხისმგებლიანად იხარჯება და ემსახურება საქართველოს, როგორც ამერიკის დემოკრატიული პარტნიორის განვითარებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვკარნახობთ, რა, სად და როგორ უნდა დაიხარჯოს, თუმცა გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს თანხები ხმარდება იმ გზას, რაც საქართველოს აქვს არჩეული – ეს არის სვლა ძლიერი დემოკრატიისა და დასავლური ინტეგრაციისკენ.

  • მაისში ამერიკელმა სენატორებმა წერილით მიმართეს აშშ სახელმწიფო მდივანს. ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ ივანიშვილისა და საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან და ირანთან უკანონო კავშირები ჰქონდათ და ეს ეხებოდა ნავთობის გადაზიდვასაც. მაშინ პრემიერმა ეს უარყო და ნავთობტერმინალშიც გვითხრეს, რომ: „ბათუმის ნავთობტერმინალი არ ახორციელებს ირანული წარმოშობის ტვირთების გადატვირთვას“. რა გაირკვა ამ თემაზე?

მე, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, ვფრთხილობ კომენტარი გავაკეთო საკანონმდებლო შტოს წარმომადგენლების – კონგრესმენების საქმიანობაზე. ამ წერილის კომენტირებისგანაც თავს შევიკავებ. თუმცა გეტყვით, რომ ნებისმიერი განცხადება, რაც მოდის კონგრესმენებისგან, მიანიშნებს იმაზე, რომ მათ სურთ იხილონ უფრო წარმატებული და განვითარებული საქართველო.

იმედი მაქვს, რომ სენატორები თავად შეძლებენ საქართველოში ჩამოსვლას, ხელისუფლებასთან და დაინტერესებულ მხარეებთან გასაუბრებას. ბევრი მათგანი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს, ისინი აკვირდებოდნენ საქართველოს განვითარებას ბოლო 30 წლის, ზოგიერთი მათგანი 15-20 წლის განმავლობაში. მათი ინტერესი და სურვილია დარწმუნდნენ, რომ საქართველო აგრძელებს სვლას ევროატლანტიკური და დასავლური ინტეგრაციისკენ, დემოკრატიული განვითარებისკენ. ეს არის ის, რაც ქართველმა ხალხმა თქვა, რომ უნდა. ჩვენ, როგორც პარტნიორებს, გვსურს მხარი დავუჭიროთ საქართველოს ამ მიზნებს სხვადასხვა გზით: იქნება ეს ბიზნესის განვითარება, სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანდაცვა, მედიის თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება თუ ადგილობრივი მთავრობა. ჩვენ ვართ მზად გავაკეთოთ ყველაფერ, რათა დავეხმაროთ საქართველოს ამ მიზნების მიღწევაში.

როდესაც ასეთი პრობლემატური საკითხები წამოიჭრება ხოლმე წერილებსა თუ კანონმდებლობაში, ეს ნამდვილად არის იმის ნიშანი, რომ საქართველოზე ფიქრობენ. და როდესაც არსებობს ასეთი მაღალი მოლოდინები [იმიტომ რომ საქართველომ ბევრს მიაღწია], ჩნდება სურვილი, რომ ქვეყანამ უფრო და უფრო მეტი გააკეთოს. ეს მიესადაგება ქართველი ხალხის ხასიათს. მე რასაც ვუყურებ და ვაფასებ შეხვედრებიდან, შემიძლია ვთქვა, რომ ქართველები არ კმაყოფილდებიან მიღწევებით – ყოველთვის ახალ მიზნებს და გეგმებს ისახავენ. შესაბამისად, ცდილობენ, გახდნენ უკეთესები. შეიძლება სწორედ ამიტომ არის ამდენი დისკუსია და აზრთა სხვადასხვაობა, ქართველები ამაყობენ საკუთარის ქვეყნით და სურთ უფრო მეტი წარმატების ხილვა.

  • არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ მესამე სექტორის შეფასებითაც საქართველოს ხელისუფლების არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია. თქვენ მას შეხვდით. თქვენი აზრით, რამდენად აინტერესებს მას დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში და აქამდე თუ განხილულა მის მიმართ რაიმე სახის სანქციების ამოქმედება აშშ-ში?

ეს შეკითხვა ალბათ თავად ბატონ ივანიშვილს უნდა დაუსვათ. მას იმდენად კარგად არ ვიცნობ, რომ მის ნაცვლად გაგცეთ პასუხი. თუმცა მინდა გითხრათ მინისტრთა კაბინეტისა და  მინისტრების შესახებ, ვისაც მე შევხვდი – მათ ნამდვილად გამოიჩინეს საქართველოს მიმართ ერთგულება. პანდემიის პერიოდში კარგად ვნახეთ, როგორ ეფექტურად მართეს უპრეცედენტო საგანგებო სიტუაცია, რისთვისაც არც ერთი ქვეყანა არ იყო მზად. არავინ იცოდა რა იყო სწორი, რა უნდა გაეკეთებინათ. ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის ჩემმა ქვეყანამაც, სხვა მიდგომა აირჩია. თუმცა ვნახეთ, რომ საქართველოს მიერ ადრეულ ეტაპზე მიღებულმა მკაცრმა გადაწყვეტილებებმა მოიტანა წარმატება ამ გამოწვევასთან ბრძოლაში. ეს იმის ნიშანია, რომ თქვენ გყავთ ქვეყნის საუკეთესო ინტერესების ერთგული ლიდერები, როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკური აღდგენის კუთხით.

ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის ერთობა, გაერთიანება, რათა ეს გამოწვევა ერთობლივად გადაილახოს. მოხარული ვარ, რომ ჩემი ვიზიტის განმავლობაში სვანეთსა და ბათუმში ბევრი ქართველი ვიხილე, ვინც სტუმრობს საკუთარი ქვეყნის რეგიონებს და ამით მხარს უჭერს მცირე თუ დიდ სასტუმროებსა და რესტორნებსა ამ რთული პერიოდის გადალახვაში.

20 წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ საქართველოს ერთგულება დემოკრატიული განვითარების მიმართ. მაღალი მოლოდინები, საგრძნობი პროგრესი და წარმატება. რა თქმა უნდა, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და უფრო მეტი გაკეთდეს განსაკუთრებით ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, როგორიცაა მედია, სამოქალაქო საზოგადოება რაც ასე მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის… ოქტომბერის არჩევნები არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შანსი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებას და, რაც მთავარია, საკუთარ ამომრჩეველს აჩვენოს დემოკრატიული პრინციპების მიმართ ერთგულება. აჩვენოს, რომ ქვეყანა სწორ გზაზეა და  ჯანსაღი, დაბალანსებული დემოკრატიის ერთგულია. ეს გაზრდის მოსახლეობის ნდობას სახელმწიფოს მიმართ.

თქვენი შეკითხვა მიმართული იყო ქართულ ოცნებაზე“, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ  ოპოზიციაშიც არის საქმის ერთგული ხალხი, ვისთანაც შეხება მქონია სამუშაო პროცესში. ერთის მხრივ მმართველი პარტია, რომელიც ერთგულია ქვეყნის წარმატების, დემოკრატიული განვითარების და მეორეს მხრივ ოპოზიცია, რომელიც შეიძლება სხვა პოზიციებიდან, მაგრამ მხარს უჭერს ქვეყნის განვითარების მიზნებს, ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული ევროპული ქვეყანა: უსაფრთხო, სტაბილური როგორც საზღვრებით, ასევე ეკონომიკით.

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ დიალოგის პროცესში, მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა, კომპრომისის საფუძველზე პარტიებმა მოახერხეს საკმაოდ რთულ პრობლემებზე მუშაობა. იმედი მაქვს ამის უფრო მეტ მაგალითს ვიხილავთ მომავალში, გახდება რა პარლამენტი უფრო პლურალისტური, სადაც უფრო მეტი ხმა და ინტერესი იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად, პროცესიც გახდება უფრო ცოცხალი, შეიძლება ხანდახან დაძაბულიც, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია დაბალანსებული დემოკრატიისთვის.

ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან

✅რა შემთხვევაში შეიძლება შეუმციროს აშშ-მ საქართველოს დაფინანსება 15%-ით?✅რა თქვა ელჩმა ირანული ნავთობის ბათუმის პორტში უკანონო შემოტანაზე?✅ცვლილებების შემდეგ რა პრობლემები დარჩა საარჩევნო კანონმდებლობაში?✅რამდენად აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება?✅ნახეთ, რას პასუხობს აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი „ბათუმელების“ კითხვებს.ინტერვიუ ჩაწერილია 2020 წლის 14 ივლისს.

Posted by Netgazeti on პარასკევი, 17 ივლისი, 2020

  • რადგან დროში შეზღუდული ხართ კიდევ მხოლოდ ერთ კითხვას დაგისვამთ:12 ივნისს თბილისში სუს-მა რუსეთის მოქალაქე დააკავა, რის შემდეგაც პროკურატურამ დაადასტურა, რომ შეკვეთილი მკვლელობის სამიზნე ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია იყო. ცოტა ხნის წინ გერმანიამ ღიად დაადანაშაულა ხანგოშვილის მკვლელობაზე რუსეთი, სკრიპალების საქმის თუ მსგავსი არაერთი ისტორიის გათვალისწინებით, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ამ ჟურნალისტის უსაფრთხოება იყოს დაცული?

ეს ძალიან  მნიშვნელოვანი საკითხია ორი მიმართულებით: ერთია, რა თქმა უნდა, ჟურნალისტის უსაფრთხოება, დაცვა და მისი საქმიანობის განხორციელება. ჩვენ ვიცით, რომ ჟურნალისტის საქმიანობა მოითხოვს ძალიან დიდ გამბედაობას, ხანდახან მის სიცოცხლესაც კი უქმნის რისკებს. მსოფლიოში მრავალი ინიციატივა არსებობს, ჟურნალისტური საქმიანობის მნიშვნელობის ხაზგასასმელად: ჟურნალისტები არიან ისინი, ვინც ხშირად ავლენენ საეჭვო და სახიფათო ქმედებებს, უზრუნველყოფენ  ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას. შეიძლება ეს ხშირად იმდენად დაფასებული არ არის, მაგრამ ჩვენ მათი უსაზღვროდ მადლიერნი ვართ იმ საქმის გამო, რასაც ისინი აკეთებენ.

მეორე მხარე არის რუსეთის მიერ ამ რეგიონში დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები, რაც ყველა ჩვენგანისთვის შეშოთების საგანია. ამას ჩვენ რეგულარულად ვხედავთ, როგორც რეგიონში, ასევე საქართველოში. ყველას აქ ვერ ჩამოვთვლით, თუმცა ძალიან კარგად გვახსოვს გასული წლის ოქტომბერში საკმაოდ ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმა საქართველოზე. საქართველომ შეძლო და დაადგინა, რომ რუსეთი იდგა ამ თავდასხმების უკან. შემდეგ გვახსოვს ის მხარდაჭერა, რაც საქართველომ მიიღო, როდესაც 34-მა  სხვადასხვა ქვეყანამ აიმაღლა ხმა საქართველოს მხარდასაჭერად და თქვა, რომ რუსეთის ეს ქმედება მიუღებელია. ასეთი მოწოდებები ალბათ საუკეთესო ინსტრუმენტია იმისათვის, რომ მსგავსი ქმედები არ გამოგვრჩეს მხედველობიდან, ქმედებები რომელთა მიზანი დესტაბილიზაცია, დაყოფა და დაბნეულობის გამოწვევაა.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას, რომ ამ კუთხით ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება, შეძლოს დეზინფორმაციის, ტყუილი ამბების გარჩევა, იქნება ეს სოციალური მედიიდან თუ სხვა წყაროებიდან, რაც მიმართული საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ერთიანობის შესასუსტებლად. ვფიქრობ, საუკეთსო რეაგირება რუსეთის ქმედებებზე არის მათი გამოაშკარავება და გაერთიანება ამ ქმედებების წინააღმდეგ, ხმამაღლა დაფიქსირება, რომ ეს მიუღებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი