ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ – ერევანი

18 ივლისი, 2020 • 1119
აზერბაიჯანის საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ – ერევანი

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მეორე დღეა შედარებითი სიმშვიდეა.

თუმცა, უწყების ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სომხეთის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

“ასევე, 18 ივლისს, 06:38 საათზე სომხეთის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის საფრენი აპარატი «ORBITER-3» , რომელიც დაზღვერვას აწარმოებდა”, – წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე შუშან სტეპანიანი, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი.

სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანის საფრენი აპარატი ჩამოაგდეს; ფოტო: სომხეთის თავდაცვის სამინისტრო; 18 ივლისი, 2020

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებები 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის/თოუზის პროვინციაში დაიწყო. შეტაკებების შედეგად ორივე მხარეს არიან გარდაცვლილები, მათ შორის, აზერბაიჯანელი სამხედრო მაღალჩინოსნები.

სიტუაციის დაძაბვამდე რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყარაბაღთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიდან შესაძლო გასვლით დაიმუქრა და უარყო შეხედულება, რომლის თანახმადაც „კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს“, — ამ პოზიციას ხშირად ახმოვანებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

რას უნდა ველოდეთ სომხეთ-აზერბაიჯანის მიმდინარე დაპირისპირებიდან – ხედვა სომხეთიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი