ახალი ამბები

რუსმა სამხედროებმა 2020-ში საქართველოს 25 მოქალაქე გაიტაცეს – ქაცარავა

17 ივლისი, 2020 • 1486
რუსმა სამხედროებმა 2020-ში საქართველოს 25 მოქალაქე გაიტაცეს – ქაცარავა

მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 15 ივლისის ჩათვლით პერიოდში ცხინვალის მიმართულებით საქართველოს 25 მოქალაქე გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას“ ლიდერი დავით ქაცარავა ავრცელებს.

ქაცარავა ხელისუფლებას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების გატაცების შემთხვევების რეალურ სტატისტიკას მალავს.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაგვიდასტურა, რომ პირველი იანვრიდან 15 ივნისის ჩათვლით 22 ქართველი გაიტაცეს, რასაც დღემდე კიდევ 3 შემთხვევა დაემატა. ჩვენ მხოლოდ 7 გატაცების შესახებ ვიცოდით აქამდე და გამოდის, რომ ხელისუფლებამ 18 გატაცების შესახებ ინფორმაცია დამალა”, – აცხადებს დავით ქაცარავა “ნეტგაზეთთან” საუბარში.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი ხელისუფლებას პრორუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ ინფორმაციული ვაკუუმის შექმნასა და რუსი ოკუპანტების მიმართ ქართველი მოსახლეობის განწყობის მაქსიმალურად ლოიალურ ნიშნულზე შენარჩუნებას ცდილობს. 

ქაცარავას თქმით, აღნიშნული ინფორმაციის ოსურ “კგბ-სთან” გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გატაცების სტატისტიკა შედარებით მაღალი იყო. 

ოსური მედიის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან, შიდა ქართლში, საქართველოს 28 მოქალაქე ცხინვალის დაწესებული წესების დარღვევისთვის დააკავეს. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გატაცებულთა კონკრეტულ რიცხვზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ ქაცარავამ აღნიშნული ინფორმაცია, სავარაუდოდ, უწყებიდან გამოითხოვა. სუს-ში გვითხრეს, რომ უკანონოდ გატაცებულების შესახებ ინფორმაცია არის საჯარო და მისი გამოთხოვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ გატაცებულთა რაოდენობა 7-ზე მეტი ნამდვილად არის. ამჟამად ცხინვალში პატიმრობაში რჩება ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან გატაცებული მხოლოდ სამი მოქალაქე.

მასალების გადაბეჭდვის წესი