ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მხარეთა ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ისევ ბრძოლაა

16 ივლისი, 2020 • 871
მხარეთა ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ისევ ბრძოლაა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერის, შუშან სტეპანიანის მიერ დღეს, 16 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამჟამად საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც სტეპანიანი წერს, 03:40 საათზე სომეხმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის გადაადგილება შენიშნეს და თავდაცვაზე გადავიდნენ, რის შედეგადაც, თავდაცვის უწყების ცნობით, მოწინააღმდეგის დივერსიის მცდელობა აღკვეთეს.

სტეპანიანის განცხადებითვე, აქტიური საომარი მოქმედებების შედეგად აზერბაინჯანის მხარეს მსხვერპლი ჰყავს.

დღესვე, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სომხურმა მხარემ თოვუზის რაიონის სოფლის მიმართულებით ჭურვები ისროლა, რითაც მშვიდობიანი მოქალაქეების სახლებსა და მეურნეობებს სერიოზული ზიანი მიაყენა.

ამასთან, ბაქო 16 ივლისის ღამით გარდაცვლილების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ავრცელებს.

გუშინ, 15 ივლისს, დღის მეორე ნახევარში სიტუაცია საზღვარზე შედარებით სტაბილური იყო. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა.

რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაცვლილებს, რომელთაც მხარეები ოფიციალურად ადასტურებენ, აზერბაიჯანმა 11 ჯარისკაცი და ერთი სამოქალაქო პირი დაკარგა, სომხეთის ცნობით კი 4 ჯარისკაცი დაეღუპათ.

ყარაბაღის კონფლიქტის მხარეები რეგულარულად ადანაშაულებენ ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში. ამჯერად შედარებით ფართომასშტაბიან დაპირისპირებას ადგილი აქვს ყარაბაღიდან შორს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის/თოუზის პროვინციაში, რაც იშვიათობაა.

სიტუაციის დაძაბვამდე რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყარაბაღთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიდან შესაძლო გასვლით დაიმუქრა და უარყო შეხედულება, რომლის თანახმადაც „კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს“, — ამ პოზიციას ხშირად ახმოვანებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი