ახალი ამბები

ინფიცირებული აბიტურიენტი გამოცდებს საავადმყოფოში დაწერს

15 ივლისი, 2020 • 1962
ინფიცირებული აბიტურიენტი გამოცდებს საავადმყოფოში დაწერს

აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

“უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი მუშაობის შედეგად, აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშება და მას დარჩენილი ერთი საგნის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცემა. აღნიშნული აბიტურიენტისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საგამოცდო გარემო იმ სივრცეში, სადაც ინფიცირებული პაციენტი მკურნალობის კურსს გადის. გამოცდა ჩატარდება ექიმებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, კოვიდ-ინფიცირებული აბიტურიენტისთვის დარჩენილი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ აბიტურიენტს კორონავირუსი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების შემდეგ დაუდასტურდა.

“ინფიცირებულის ყველა კონტაქტის იდენტიფიცირება მყისიერად მოხდა. მასთან ერთად საგამოცდო ოთახში მყოფი ცხრავე აბიტურიენტი საკარანტინე სივრცეში განთავსდა. მათ ყოველი გამოცდის წინ უტარდებით PCR ტესტი და საგნებს აბარებენ სპეციალურად გამოყოფილ საგამოცდო სივრცეში”, – აცხადებენ სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი