ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხური მხარის ცნობით, საზღვარზე სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა

15 ივლისი, 2020 • 795
სომხური მხარის ცნობით, საზღვარზე სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა

“ამჟამად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი საზღვარზე ძირითადად შენარჩუნებულია, სროლა და ინციდენტები არ ფიქსირდება”, – ავრცელებს ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინიტროს პრეს-სპიკერი შუშან სტეპანიანი.

სტეპანიანის ცნობითვე, სომხეთის შეიარაღებული ძალები სრულად აკონტროლებენ საზღვრის მონაკვეთზე არსებულ სიტუაციას.

დღესვე, სომხური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთში ამჟამად მკურნალობს 10 სამხედრო მოსამსახურე სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით. ერთი სამხედრო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.

რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაცვლილებს, აზერბაიჯანის თანახმად, ვითარების დაძაბვიდან ამ დრომდე 11 ჯარისკაცი და ერთი სამოქალაქო პირი დაკარგეს, სომხეთი კი აცხადებს, რომ 4 ჯარისკაცი დაეღუპათ.

ყარაბაღის კონფლიქტის მხარეები რეგულარულად ადანაშაულებენ ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში. ამჯერად შედარებით ფართომასშტაბიან დაპირისპირებას ადგილი აქვს ყარაბაღიდან შორს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის/თოუზის პროვინციაში, რაც იშვიათობაა.

სიტუაციის დაძაბვამდე რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყარაბაღთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიდან შესაძლო გასვლით დაიმუქრა და უარყო შეხედულება, რომლის თანახმადაც „კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს“, — ამ პოზიციას ხშირად ახმოვანებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი