ახალი ამბები

სააკაშვილის განცხადებები უკრაინის პოზიციას არ გამოხატავს — საგარეო მინისტრი

14 ივლისი, 2020 • 766
სააკაშვილის განცხადებები უკრაინის პოზიციას არ გამოხატავს — საგარეო მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით „კერძო პირის“ განცხადებებია და სააკაშვილი „არ გამოხატავს სახელმწიფოს პოზიციას“. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა ТСН ავრცელებს.

„მთლიანობაში, ვითარება წუხილს იწვევს, რადგანაც რეალურად ხდება შემდეგი: არის უკრაინის მოქალაქე, რომელსაც არ აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, წარადგინოს სახელმწიფოს პოზიცია, მაგრამ აქტიურად აკეთებს კომენტარებს საქართველოში არჩევნებამდელ ვითარებაზე.

ეს მოქალაქეა მიხეილ სააკაშვილი და ყველა მისი განცხადება მთავრდება იმით, რომ უკრაინის ელჩს იბარებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და თავიანთ უკმაყოფილებას გამოხატავენ ბატონი სააკაშვილის განცხადებებით“, — განაცხადა კულებამ.

კულება დასძენს, რომ უკრაინას ესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში მგრძნობიარე ვითარებაა და აღნიშნავს, რომ არცერთი კერძო პირის განცხადებას არ შეუძლია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფუჭება:

„გვესმის ვითარება საქართველოში, ის არჩევნებამდე ძალიან მგრძნობიარეა. ძალიან დიდად ვაფასებთ მეგობრობას ჩვენს ქართველ პარტნიორებთან, მეზობლებთან შავ ზღვაში და იმედი გვაქვს, ამ გამაღიზიანებლის აღმოფხვრა მოხერხდება.

ამიტომ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არცერთი კერძო პირის განცხადებას არ შეუძლია დაანგრიოს ან ძირი გამოუთხაროს ურთიერთობებს როგორც ჩვენს ხალხს, ასევე ჩვენს სახელმწიფოებს შორის. საგარეო უწყების პოზიცია ამ საკითხში მაქსიმალურად მკაფიო და ოფიციალურად დეკლარირებულია: ბატონი მიხეილ სააკაშვილი კერძო პირია და თავის კომენტარებში საქართველოსთან დაკავშირებით არ წარმოადგენს უკრაინის პოზიციას“, — ამბობს მინისტრი.


აქამდე, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომრად დანიშვნის შემდეგ, უკრაინის ელჩი საქართველოში, იჰორ დოლჰოვი საგარეო უწყებაში არაერთხელ დაიბარეს სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო.

გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი