ახალი ამბები

მომდევნო 100 დღე საქართველოსთვის გადამწყვეტი იქნება — სააკაშვილი

14 ივლისი, 2020 • 1054
მომდევნო 100 დღე საქართველოსთვის გადამწყვეტი იქნება — სააკაშვილი

უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მომდევნო 100 დღე საქართველოსთვის გადამწყვეტი იქნება. ამის შესახებ მან ახალგაზრდებთან გამართულ ვიდეოშეხვედრაზე ისაუბრა.

„შემდეგი 100 დღე ნიშნავს იმას, რომ ასმაგად უნდა ვიმუშაოთ. 100 დღე ნიშნავს, რომ საერთოდ აღარ უნდა გვეძინოს, მე ნამდვილად აღარ მძინავს. 100 დღე ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ, როგორც არასდროს, ორგანიზებულები. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიაა, ვინ ვისთან ძოვს, ვერ ძოვს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს სახელებს და გვარებს. ჩვენ ქვეყანა ან გვაქვს, ან აღარ გვაქვს“, — განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინაში თავს კარგად გრძნობს, თუმცა სამშბოლოს — საქართველოს გარეშე დარჩენას არ აპირებს:

„უკრაინაში ძალიან კარგი პოზიციები, პერსპექტივები მაქვს. ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანაა. პრაქტიკულად ჩემთვის მშობლიური ქვეყანაა, იმიტომ, რომ აქ თავს სახლში ვგრძნობ. მე არ ვგრძნობ თავს ემიგრანტად. აქ, კიევში 15 წლის ასაკში ჩამოვედი. ეს არის ჩემი წრე, ჩემი ახლობლობა, მაგრამ სამშობლოს გარეშე დარჩენას ნამდვილად არ ვაპირებ და ჩემი სამშობლო არის საქართველო. არცერთი თქვენგანი არ უნდა დარჩეს სამშობლოს გარეშე“, — დასძენს იგი.


მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თანამდებობაზე 7 მაისს დაინიშნა. ამის შემდეგ, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, საქართველომ საგარეო უწყებაში არაერთხელ დაიბარა უკრაინის ელჩი საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი