ახალი ამბები

პროკურატურა დეპუტატის შვილისა და 5 პირისთვის წინაწარ პატიმრობას ითხოვს

13 ივლისი, 2020 • 898
პროკურატურა დეპუტატის შვილისა და 5 პირისთვის წინაწარ პატიმრობას ითხოვს

24 ივნისს თბილისში მომხდარი ჩხუბის საქმეზე გ.ე.-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ 6 პირს, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ კობა კობალაძის შვილს, ბრალი წარუდგინეს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 24 ივნისს ქ.თბილისში, სერგო ზაქარიაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ჟ., ს.ქ., გ.კ., დ.კ., ვ.კ. და დ.ძ. შურისძიების მოტივი, თავს დაესხნენ გ.ე.-ს, რა დროსაც დ.ჟ.-მ, ვ.კ.-მ, დ.კ.-მ და დ.ძ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ.ე.-ს, ხოლო ს.ქ.-მ და გ.კ.-მ ბასრი საგნების გამოყენებით დაზარალებულს დაზიანებები მიაყენეს. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნული მძიმე დანაშაული დაფარა გ.ბ.-მ.

შსს-ს მიერ 12 ივლისს გავრცელებული განცხადების თანახმად, 24 ივნისს თბილისში მომხდარი დაპირისპირების მონაწილეები დააკავეს, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად), 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (ძალადობა ჯგუფურად) და 238 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით(ცივი იარაღის ტარება).

შსს-ს ინფორმაციით, ორი პირი დააკავა მედიაში გასული ანონსის შემდეგ, ერთი კი, 2000 წელს დაბადებული დ. კ. საკუთარი ნებით მივიდა განყოფილებაში. კობა კობალაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ  პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ნებით მისი შვილი მივიდა.

“ტვ პირველის” ეთერში გასული სიუჟეტის თანახმად, ახალგაზრდების ჯგუფი თბილისში, ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელს თავს დაესხა და დაჭრა. ფაქტი თითქმის 20 დღის წინ მოხდა, თუმცა, სიუჟეტის მიხედვით, ამ დროის განმავლობაში დაკავებული არავინ იყო, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა ქუჩაში მოხდა დღისით, ტერიტორიაზე, რომელსაც კამერები ფარავს. სიუჟეტში გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ გამოძიება იმის გამო ჭიანურდება, რომ მასში მონაწილე ერთ-ერთი პირი მაღალი თანამდებობის პირის შვილია.

“ვინაიდან პირდაპირ ეთერში გაჟღერდა მომხდარი დანაშაულის შესახებ და შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ”, – განაცხადეს შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი