ნეტგაზეთი | რას ნიშნავს ტერმინი ”რიქოლი” ავტოინდუსტრიაში და შეიმჩნევა თუ არა მისი გახშირების ტენდენცია რას ნიშნავს ტერმინი ”რიქოლი” ავტოინდუსტრიაში და შეიმჩნევა თუ არა მისი გახშირების ტენდენცია – Netgazeti
რას ნიშნავს ტერმინი ”რიქოლი” ავტოინდუსტრიაში და შეიმჩნევა თუ არა მისი გახშირების ტენდენცია

რას ნიშნავს ტერმინი ”რიქოლი” ავტოინდუსტრიაში და შეიმჩნევა თუ არა მისი გახშირების ტენდენცია

ავტო-ინდუსტრიაში ჩახედული ადამიანებისთვის ე.წ. „რიქოლი“ ნაცნობი ფენომენია, თუმცა მათ, ვინც ამ სფეროს კარგად არ იცნობს, შესაძლოა თვალში მოხვედროდათ მსოფლიო მედიაში პერიოდულად გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც მსხვილი ავტოკონცერნების მიერ საკუთარი მოდელების „რიქოლს“ ეხება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ტერმინი ხშირად „ავტომობილების უკან გაწვევად“ ითარგმნება და შესაბამისად, ზოგიერთ მომხმარებელში იმის აღქმას იწვევს რომ მსოფლიოს მასშტაბით ხდება გარკვეული მოდელების მოგროვება და ავტომწარმოებელთან უკან გაგზავნა, რაც რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება.

და მაინც, უფრო კონკრეტულად, რა არის “რიქოლი” და რატომ ხდება მისი გამოცხადება?

საქმე იმაშია, რომ ავტომწარმოებელი რამდენიმე ერთეულ მოდელში ერთმანეთის მსგავსი გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ იწყებს მიზეზის გარკვევას და იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გაუმართაობა გამოწვეულია რაიმე სახის ქარხნული დეფექტით, თავს ვალდებულად მიიჩნევს, იზრუნოს მომხმარებელზე და აცხადებს ”რიქოლს”, რაც გულისხმობს ანალოგიურ პერიოდში, იმავე ქარხანაში ან იმავე დეტალების გამოყენებით დამზადებული ყველა ავტომობილის შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში სათადარიგო ნაწილის ჩანაცვლებას,  რათა გამოირიცხოს აღნიშნული გაუმართაობის სხვა ავტომობილებზე  გაჩენის თუნდაც თეორიული შანსი. შემოწმება ადგილობრივ ოფიციალურ ცენტრებში ხდება და დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი აღმოფხვრა, ჩასანაცვლებელი დეტალის ღირებულების ჩათვლით, რა თქმა უნდა, უფასოა. 

ბოლო პერიოდის მსოფლიო „რიქოლების“ სიაში ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი და გახმაურებული კამპანია დაკავშირებული იყო კონცერნ „ტაკატას“ სახელთან, რომლის მიერ წარმოებულ უსაფრთხოების ბალიშებსაც ისეთი მსხვილი ავტომწარმოებლები იყენებდნენ, როგორებიცაა:  ტოიოტა,  BMW,  ნისანი, ჰონდა, მაზდა, ფიატ-კრაისლერი, ფორდი, ფოლკსვაგენი.. ამ კამპანიის ფარგლებში, მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 100 მილიონ მანქანაზე ჩასანაცვლებელი  იყო  გარკვეული უსაფრთხოების ბალიშები და შესაბამისად,  აღნიშნული „რიქოლი“ ყველა ამ მეგაკონცერნს შეეხო.

თუმცა შესაძლოა ისიც შეამჩნიოთ, რომ ყველა გაწვევის მიზეზში ნახსენებია სიტყვა ”სავარაუდო/შესაძლო”, რაც იმას ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში არსებობს გაუმართაობის მხოლოდ თეორიული ალბათობა და მწარმოებელი ცდილობს, რომ დააზღვიოს მომხმარებელი ამ არასასიამოვნო ალბათობისგანაც კი. ასე რომ თანამედროვე ავტოწარმოებაში „მანქანების გაწვევა“ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რაც პრინციპში მწარმოებლის მხრიდან გაზრდილ პასუხისმგებლობაზე მეტყველებს.

დამატებითი განმარტებების მისაღებად დავუკავშირდით „ტოიოტას“ ოფიციალური წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს, რომელმაც დაადასტურა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყოველი „რექოლის“/გაწვევის სპეციალური კამპანიის გამოცხადების შემთხვევაში ადგილობრივი წარმომადგენლობა ოპერატიულად იღებს აღნიშნულ ინფორმაციას და მკაცრად გაწერილი პროცედურების მიხედვით მოქმედებს.

გთავაზობთ მათ მიერ მოწოდებულ კომენტარს უცვლელი სახით: 

”გვსურს განვმარტოთ, რომ „რიქოლის“ გამოცხადება უმრავლეს შემთხვევაში არ გულისხმობს პრობლემის დანამდვილებით არსებობას, არამედ მიზნად ისახავს გარკვეული ღონისძიებების გატარებას (შემოწმებას ან ნაწილების პროფილაქტიკურ ჩანაცვლებას), შესაძლო გაუმართაობის თავიდან ასაცილებლად. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, გაწვევის შესახებ ინფორმაცია, როგორც წესი, განსაკუთრებული ოპერატიულობით ვრცელდება.

თუ გასაწვევი მანქანების სიაში მოხვედრილია ადგილობრივ ოფიციალურ დილერთან შეძენილი ავტომობილი, ცენტრალური ოფისიდან ტექნიკური მონაცემების მიღებისთანავე, თითოეული ავტომობილის მფლობელთან ხდება უშუალო დაკავშირება და შემდგომი კომუნიკაცია დილერთან ვიზიტისა და აღნიშნული „რიქოლის“ ფარგლებში ჩასატარებელი უფასო სამუშაოების თაობაზე.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ ავტომობილებს, ჩვენს ოფიციალურ დილერებთან სერვისზე ვიზიტის შემთხვევაში ჩვენი თანამშრომლები ამ მანქანებზე აგრეთვე ამოწმებენ   „გახსნილი რიქოლის“ არსებობას და ასეთის დაფიქსირების შემთხვევაში, ტექნიკური ინფორმაციისა და სათადარიგო ნაწილების მიღებისთანავე ხდება მათთან განმეორებითი დაკავშირება და ყველა შემდგომი პროცედურის დაგეგმვა.

საგულისხმოა, რომ უშუალო დაკავშირება ავტომფლობელთან შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ავტომობილის შეძენის ან სერვისის გავლის შემდეგ არ შეუცვლია საკონტაქტო ინფორმაცია . თუმცა კომპანია „ტოიოტა“-მ მომხმარებელზე ზრუნვის მიმართულებით უფრო დიდი ნაბიჯი გადადგა და 

დღესდღეობით ტოიოტას და ლექსუსის მარკის ავტომობილის უკლებლივ ყველა მფლობელს (მათაც, ვინც ავტომობილი მეორად ბაზარზე შეიძინა) ძალიან მარტივად შეუძლია გაარკვიოს საჭიროებს თუ არა მისი ავტომობილი სერვისის რომელიმე სპეციალურ კამპანიას. ამისთვის, მან უბრალოდ უნდა შეიყვანოს საკუთარი ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN)  ნომერი სპეციალურ ველში https://www.toyota.ge/vincheck  ლინკზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მფლობელმა უნდა მიმართოს შესაბამისად TOYOTA-ს ან LEXUS-ის  ოფიციალურ დილერებს საქართველოში: ტოიოტა ცენტრ თბილისს, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ლექსუს თბილისს, სადაც კამპანიის ფარგლებში მისი ავტომობილის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში კამპანიით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარება მოხდება აბსოლუტურად უფასოდ.

გვსურს აქვე დავამატოთ, რომ ვინაიდან  ტოიოტას ფილოსოფია დაფუძნებულია მუდმივ სწრაფვაზე გაუმჯობესებისკენ, კომპანია უწყვეტ რეჟიმში ადევნებს თვალყურს თავისი ავტომანქანების საექსპლუატაციო მახასიათებლებს ანალიზისა და შეფასების ახალ-ახალი მეთოდების გამოყენებით, რაც თავის მხრივ იწვევს ახალი „რიქოლ“ კამპანიების გამოცხადებას და შესაბამისად, მუდმივად ხდება ავტომობილების სიის განახლება. აქედან გამომდინარე, სასურველია მომხმარებლის ავტომობილის ვინ კოდის შემოწმება პორტალზე მოხდეს არა ერთჯერადად, არამედ გარკვეული პერიოდულობით, ახალი სპეციალური კამპანიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი