ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აუზიდან პოლიციაში – ბაქოში კარანტინის დარღვევისთვის დააკავეს

6 ივლისი, 2020 • 1286
აუზიდან პოლიციაში – ბაქოში კარანტინის დარღვევისთვის დააკავეს

ბაქოს ფეშენებელური სასტუმროს, “Fairmont Baku” -ს აუზიდან დამსვენებლები საკარანტინო რეჟიმის დარღვევისთვის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

აზერბაიჯანის შსს-ს განცხადების თანახმად, რომელსაც აზერბაიჯანული მედიაგამოცემები ავრცელებენ, “ყველა დაკავებულთან ჩატარდა პროფილაქტიკური, ახსნა-განმარტებითი საუბრები, რა დროსაც განუმარტეს, რომ მათი ქმედებები ეწინააღმდეგება ქვეყანში არსებულ ეპიდემიოლოგიურ  რეჟიმსა და საკარანტინო წესებს, რაც ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. საკუთარ ახსნა-განმარტებებში ისინი ნანობენ ჩადენილს”.

დაკავებულები, ოფიციალური ინფორმაციით, ადმინისტრაციული კოდექსით გაასამართლეს და ჯარიმები დააკისრეს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სასტუმროს აუზის კადრები თავდაპირველად “ინსტაგრამით” გავრცელდა.

კორონავირუსის მზარდი გავრცელების გამო, აზერბაიჯანში საკარანტინო ზომები გამკაცრდა. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუჩებში, სკვერებსა და სხვა საჯარო ადგილებში 5 ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალება. ოფიციალური ცნობითვე, შეზღუდვები 5-დან 20 ივლისამდე  გაგრძელდება.

აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები და ოპოზიციური  სპექტრი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გამო საკარანტინო  მკაცრი რეჟიმის დაწესება ხელისუფლების ინტერესებშია, ვინაიდან მოქალაქეებს შეკრება და საპროტესტო აქციების გამართვა ეკრძალებათ.

აზერბაიჯანის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ქვეყანაში ამ დრომდე [6 ივლისი] კორონავირუსის 20 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული და ამასთან, ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი მზარდია.

ფოტო: აზერბაიჯანის შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი