ახალი ამბები

“სირთულე არ ყოფილა” – პირველი გამოცდა დასრულდა

6 ივლისი, 2020 • 1360
“სირთულე არ ყოფილა” – პირველი გამოცდა დასრულდა

დღეს, 6 ივლისს ,ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. წელს კორონავირუსის პანდემიის გამო აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება უსაფრთხოების სხვადასხვა ზომის დაცვით უწევთ. ისინი ვალდებულები არიან, გადაადგილებისა და საუბრისას პირბადე გაიკეთონ. ასევე პირბადე სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში კონდიციონერია ჩართული.

ამ დროისთვის [13:00] ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა. აბიტურიენტების თქმით, განსხვავებული გარემოს მიუხედავად, გამოცდების ჩაბარებისას განსაკუთრებული დისკომფორტი არ შექმნიათ. როგორც “ნეტგაზეთს” გამოცდიდან გამოსულმა აბიტურიენტებმა უთხრეს, გამოცდებისას რეკომენდაციები დაცული იყო, თუმცა ეს პროცესი მათთვის სირთულეს არ წამორადგენდა.

“გამოცდამდე გაგვიზომეს სიცხე, დეზინფექცია ჩაგვიტარეს, შეგვამოწმეს, რამე ზედმეტი ნივთი რომ არ შეგვეტანა და გადავნაწილდით სექტორებში. სექტორში დისტანცია იყო დაცული აბიტურიენტებს შორის. გამოცდის პროცესში ჯგუფი ვთანხმდებოდით, როგორ გვერჩივნა, კონდიციონერი ჩაგვერთო და პირბადით დაგვეწერა, თუ ფანჯრები გაგვეღო და პირბადეების გარეშე ვყოფილიყავით. ჩემმა ჯგუფმა კონდიციონერი აირჩია და პირბადით ვისხედით. ცუდი იყო იმ მხრივ, რომ თვალებში ორთქლს ვგრძნობიდა და მეძინებოდა თითქოს, მაგრამ განსაკუთრებული სირთულე არ ყოფილა არც ეს”, – განმარტა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა, გეგა კოშაძემ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს გამოცდებისთვის 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გამოცდაზე აბიტურიენტების 93%-ზე მეტი გამოცხადდა, ორმა დაიგვიანა, ორი კი მაღალი სიცხის გამო არ დაუშვეს გამოცდაზე.

განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, გალში მცხოვრები აბიტურიენტები, რომლებიც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად, დღეს, 6 ივლისს დაწყებულ გამოცდებს ენგურზე გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ვერ ესწრებიან, უგამოცდოდ ჩაირიცხებიან.

ასევე, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდნენ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ვერ ახერხებენ საქართველოში შემოსვლას გამოცდის ჩასაბარებლად, საქართველოს სახელმწიფო დააფინანსებს. სამინისტროს ინფორმაციით, ასეთია 70-მდე აბიტურიენტი.

აღნიშნული კატეგორიის აბიტურიენტები, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აქამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ირიცხებოდნენ, თუმცა სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემოდა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი