საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძისა და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებს რეგულარულად იგებენ.
ამ კომპანიებმის მიერ 2018 წლიდან დღემდე მიღებული კონტრაქტების ჯამურმა ღირებულებამ კი 6 264 688 ლარი შეადგინა. ამის შესახებ საუბარია ინფორმაციაში, რომელიც დღეს, 3 ივლისს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოაქვეყნა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ პარლამენტარ ვიქტორ ჯაფარიძესთან და მის შვილთან დაკავშირებული კომპანიების თითოეული ტენდერი. არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, სამართალდამცავებმა დაადგინონ, ტენდერები ხომ არ იყო გამოცხადებული დეპუტატისა და მასთან დაკავშირებული კომპანიებისთვის სასურველ პირობებში და შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.
ვიქტორ ჯაფარიძე 16 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია, იგი ორჯერ იყო მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლოს კი პარლამენტის წევრი “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პარტიული სიით გახდა.
შპს “სეტი პლუსის” გამარტივებული შესყიდვები
როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს შპს-ს 33.3% წილს – მან ეს ინფორმაცია 2019 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაშიც აღნიშნა. სახელმწიფო შესყიდვებში შპს “სეტი+” 2019 წლის ივლისიდან არის ჩართული და 10 გამარტივებული შესყიდვა აქვს მიღებული, ჯამური ღირებულებით 57 762 ლარი.
შპს “სეტი პლუსისგან” სასტუმროს, რესტორნისა და კვების მომსახურება შეისყიდეს მესტიის მერიამ, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ.
ოთარ ჯაფარიძის კომპანიების ტენდერები
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, შვიდ კომპანიაში ფლობს წილს ვიქტორ ჯაფარიძის შვილი, ოთარ ჯაფარიძე, მათ შორის, შპს “ექსპერტ ჰაუსის” 24% წილის მფლობელია.
შპს “ექსპერტ ჰაუსი” 2017 წლიდან დღემდე 14 ტენდერში მონაწილეობდა და 6 შემთხვევაში გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 2 571 006 ლარი შეადგინა.
შპს “ექსპერტ ჰაუსმა” მშენებლობასთან დაკავშირებული და საინჟინრო მომსახურება თითოჯერ გაუწია ა(ა)იპ “რუსთავის კორპუსს” (2018 წ.), ხობის (2019 წ.), ბოლნისის (2019 წ.), ზუგდიდის (2020 წ.), ყვარლისა (2020 წ.) და ლაგოდეხის (2020 წ.) მუნიციპალიტეტებს.
როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციაშია აღნიშნული, ოთარ ჯაფარიძე ასევე არის შპს “TOB კონსტრაქშენის” 50% წილის მფლობელი. 2018 წელს ეს კომპანია სულ ორ ტენდერში მონაწილეობდა და ორივეჯერ უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ორივე შემთხვევაში შემსყიდველი “სახელმწიფო სამშენებლო კომპანია” იყო, ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ კი 3 635 920 ლარი შეადგინა. შესყიდვის საგანს ქვიშა-ღორღი და ბეტონი წარმოადგენდა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, “ზსახელმწიფო სამშენებლო კომპანიას” მოთხოვნილი ჰქონდა, რომ ორივე ტენდერის შემთხვევაში მიმწოდებლის ქარხანა უნდა ყოფილიყო მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი იფარიდან არაუმეტეს 30 კილომეტრის რადიუსში.
როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აღნიშნავს, სწორედ ამ პერიოდში “სახელმწიფო სამშენებლო კომპანია” ზუგდიდი – ჯვარი – მესტია – ლასდილის საავტომობილო გზის 165-177 კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, ეს სამუშაოები კი “საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის” ტენდერის ფარგლებში განხორციელდა, რომელშიც 2017 წლის დეკემბერში სწორედ “სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ” გაიმარჯვა.
პოლიტიკური შემოწირულობები
არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე წერს, რომ ვიქტორ ჯაფარიძე, მისი მეუღლე ნათია ხვისტანი და ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, ოთარ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორები მსხვილი შემომწირველებიც არიან – მათ 2012 წლიდან დღემდე მმართველ პარტია “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს”, ჯამში, 360 000 ლარი, ხოლო 2018 წელს პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირეს:
- ვიქტორ ჯაფარიძემ 2012-2017 წლებში ოთხჯერ, ჯამში, 120 000 ლარი შესწირა პარტია “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს”;
- ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლემ – ნათია ხვისტანმა 2017 წელს 55 000 ლარი შესწირა “ქართულ ოცნებას”, 2018 წელს კი – 50 000 ლარი პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს;
- ოთარ ჩართოლანმა – შპს “სეტი პლუსის” 66.7% წილის მფლობელმა, 2014-2016 წლებში, ორჯერ, ჯამში 103 000 ლარი შესწირა “ქართულ ოცნებას” (ოთარ ჩართოლანი ასევე არის ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლის, ნათია ხვისტანის და შვილის, ოთარ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორი სხვადასხვა კომპანიაში);
- კახაბერ გამისონიამ – შპს “ექსპერტ ჰაუსის” 51% წილის მფლობელმა და დირექტორმა – 2014 წელს 15 000 ლარი შესწირა “ქართულ ოცნებას”;
- მურად ჯობავამ – შპს “ექსპერტ ჰაუსის” 5% წილის მფლობელმა – 2014-2017 წლებში სამჯერ, ჯამში, 47 000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას;
- ოთარ მაზმიშვილმა – შპს “TOB კონსტრაქშენის” დირექტორმა – 2017 წელს 20 000 ლარი შესწირა პარტია “ქართულ ოცნებას”
ხარვეზი ქონებრივ დეკლარაციაში
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართელოს” ცნობით, ვიქტორ ჯაფარიძეს საკუთარი და მეუღლის პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია დეკლარაციაში არც ერთხელ არ მიუთითებია. “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია, დეკლარაციაში ასახოს ფულადი გასავალი, რომლის ოდენობაც აღემატება 5 000 ლარს. როგორც ვიქტორ ჯაფარიძის, ასევე მისი მეუღლის, ნათია ხვისტანის მიერ პარტიებისათვის შეწირული თანხა თითოეულ შემთხვევაში 5 000 ლარს ბევრად აღემატებოდა.
გარდა იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია საგამოძებო უწყობებს მოუწოდებს ტენდერების გამოძიების შესახებ, მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს ვიქტორ ჯაფარიძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით დღეს კითხვა დაუსვეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაც. მან არასამთავრობო ორგანიზაციას აღნიშნული ინფორმაციის საგამოძიებო უწყებისთვის მიწოდებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ. “თუ არსებობს იოტისოდენა საფუძველი, რომ მოკვლევა დაიწყოს, დაიწყება”.