ახალი ამბები

სურსათის სააგენტოს თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

3 ივლისი, 2020 • 1135
სურსათის სააგენტოს თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ბრალდებით სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბრალდებულმა ერთ-ერთი კაფე-ბარის მფლობელს 10 ათასი ლარი გამოართვა და დაჰპირდა, რომ სააგენტო არ შეამოწმებდა ობიექტს, შემოწმების შემთხვევაში კი მეწარმეს წინასწარ გააფრთხილებდა.

“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაუკავშირდა თბილისში განთავსებული ერთ-ერთი კაფე-ბარის
მფლობელს, რომელსაც დაჰპირდა სამსახურებრივ მფარველობას, რაც გულისხმობდა იმას, რომ სააგენტო არ განახორციელებდა ობიექტის შემოწმებას, ხოლო, შემოწმების დაგეგმვის შემთხვევაში,  წინასწარ მოახდენდა მეწარმის ინფორმირებას.

აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა კაფე-ბარის მფლობელს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება”,-აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი