ახალი ამბები

“აირზენა” ზოგ მიმართულებაზე ბილეთებს ჩვენთან შეუთანხმებლად ყიდის – თურნავას გაფრთხილება

1 ივლისი, 2020 • 2615
“აირზენა” ზოგ მიმართულებაზე ბილეთებს ჩვენთან შეუთანხმებლად ყიდის – თურნავას გაფრთხილება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ ბილეთები შეიძინონ მხოლოდ იმ რეისებზე, რომელთა განრიგიც ოფიციალურად არის გამოქვეყნებული სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ვებგვერდებზე.

ნათია თურნავას აღნიშნულ კომენტარს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მინისტრის თქმით, 11-ზე მეტი საერთაშორისო რეისი შესრულდება ყველა ეპიდემიოლოგიური წესების დაცვით და კონკრეტული გრაფიკით.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები არ შეიძინოთ ისეთ რეისებზე, რომელიც არ არის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებული. სამწუხაროდ,  ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია “აირზენა” ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთებს ჩვენთან შუთანხმებლად ყიდის და ეს რეისები არ არის ჩვენ მიერ ოფიციალურად გაცხადებულ მიმართულებებში”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ეს არის ძალიან არასწორი ქმედება, რომელიც ადამიანებს საკმაოდ რთულ ვითარებაში აყენებს, ვინაიდან ასეთ რეისებზე ბილეთები საკმაოდ მაღალი ფასი ღირს.

“მოვუწდებთ ავიაკომპანია “აირზენას”, რომ შეწყვიტოს ასეთი შეუთანხმებელი ქმედებები. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ იხელმძღვანელონ ფრენების მხოლოდ იმ ჩამონათვალით და განრიგით, რომელიც განთავსებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდებზე”, – დასძინა მინისტრმა.

ფრენების განრიგი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია “Georgian Airways” (“აირზენა”) ამსტერდამის მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელებას შემდეგი განრიგით გეგმავს:

  • 4 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 6 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 11 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 18 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 20 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 25 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 27 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულება შემდეგი განრიგით იგეგმება:

  • 5 ივლისი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);
  • 12 ივლისი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);

თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერული რეისი შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • 2 ივლისი, თბილისი – თელ-ავივი – თბილისი (გაფრენა 07:10, მოფრენა 13:15)

ფრენები Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით ჯანდაცვის უწყებებთან შეთანხმებული პროტოკოლების სრული დაცვით განხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2020 წლის 25 ივნისს მიენიჭა.

დამატებითი ჩარტერული რეისების და მიმართულებების დანიშვნის შემთხვევაში, ინფორმაცია ცნობილი გახდება მგზავრებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი