ნეტგაზეთი | ერდოღანს სოც. მედიაპლატფორმების გაკონტროლება სურს ერდოღანს სოც. მედიაპლატფორმების გაკონტროლება სურს – Netgazeti
RU | GE  

ერდოღანს სოც. მედიაპლატფორმების გაკონტროლება სურს

თურქეთში წარადგენენ რეგულაციებს, რომლებიც სოციალური მედიის პლატფორმების კონტროლისკენ ან მათი დახურვისკენ იქნება მიმართული. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა მას შემდეგ, რაც მისი თქმით, ონლაინ სივრცეში მისი ოჯახი შეურაცხყვეს.

Reuters-ის თანახმად, ფინანსთა მინისტრმა და ამავე დროს, ერდოღანის სიძემ, ბერათ ალბაირაქმა “ტვიტერზე” დაწერა მისი მეოთხე შვილის დაბადების შესახებ, რის შემდეგაც რამდენიმე მომხმარებელმა მისი ცოლი შეურაცხყო.

თურქეთის პოლიციის განცხადებით, 19-დან 11 მომხმარებელი, რომელთაც მინისტრის მეუღლის მიმართ შეურაცხმყოფელი მასალები გააზიარეს, უკვე დაკავებულნი არიან.

თურქეთის პრეზიდენტის ხისტ განცხადებები სწორედ აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა. მისივე პარტიის შეხვედრაზე ერდოღანმა სოციალური მედიის გასაკონტროლებლად ახალი რეგულაციების შემოღების საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ პლატფორმებზე “ამორალური აქტების” მომრავლება სწორედ რეგულაციების ნაკლებობის ბრალია.

“ახლა გესმით, რატომ ვართ სოციალური მედიის პლატფორმების წინააღმდეგნი, როგორიც არის “იუთუბი”, “ტვიტერი” და  “ნეტფლიქსი”? ეს პლატფორმები ჩვენს ერს არ ესადაგება. ჩვენ გვინდა, დავხუროთ, გავაკონტროლოთ [ისინი] [კანონპროექტის] შემოტანის გზით პარლამენტში, რაც შეიძლება მალე”, – ციტირებს ერდოღანს სააგენტო “როიტერი”.

თურქეთის ხელისუფლება ამჟამადაც ცდილობს, მკაცრად გააკონტროლოს სოციალური მედია. ივნისში მთავრობამ “ტვიტერი” გააკრიტიკა ერდოღანის მხარდამჭერი 7 000 ანგარიშის წაშლის გამო და კომპანია თურქეთის პოლიტიკის “გადაწერის” მცდელობაში დაადანაშაულა.

ერდოღანმა დღეს ასევე თქვა, რომ სოციალური მედიის კომპანიები იძულებულნი იქნებიან, ქვეყანაში საკუთარი წარმომადგენლები დანიშნონ, რათა უპასუხონ კანონიერ შეკითხვებს, რომლებიც იქამდე იგნორირებული იყო.

“ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია… და აღვასრულოთ წვდომაზე აკრძალვები და ფისკალური ჯარიმები რეგულაციის სრულყოფის შემდეგ”, – თქვა ერდოღანმა.

Reuters-ის თანახმად, ერდოღანის თანაშემწემ, კომუნიკაციების დირექტორმა ფაჰრეთთინ ალთუნმა თქვა, რომ პრეზიდენტის განცხადებები კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი. მისი თქმით, კომპანიებს მხოლოდ ოფისების გახსნა სთხოვეს თურქეთში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან