პირველი ივლისიდან სამედიცინო დამხარების პერსონალს, სოფლის ექიმებს და ექთნებს, სოციალურ აგენტებს, პოლიციელებს ანაზღაურება ეზრდებათ.
გარდა ამისა, 70 წელს გადაცილებულ პენსიონერების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და I ჯგუფის შშმ პირების დახმარებაც მოიმატებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მთავრობის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების პერსონალს, სოფლის ექიმებსა და ექთნებს 100 ლარით გაეზარდათ ხელფასი, სოციალურ აგენტებს ფიქსირებული ანაზღაურება 150 ლარით, ხოლო უფროსი სოციალური აგენტების ანაზღაურება 100 ლარით გაიზარდა. რაც შეეხება 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და I ჯგუფის შშმ პირებს, მათი პენსია 30 ლარით გაიზარდა.
გარდა ამისა დღეიდან ხელფასები 125 ლარით გაეზარდათ პოლიციელებსაც. შსს-ს ინფორმაციით სამინისტროში ამ ეტაპისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების სისტემაა დანერგილი.
სხვადასხვა სფეროებში ხელფასების ზრდა გათვალისწინებული იყო 2019 წელს დამტკიცებულ 2020 წლის ბიუჯეტში. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტში ამ წელს ცვლილებები შეიტანაა, რაც გასულ წელს დაგეგმილ ბიუჯეტზე თითქმის 2 მილიარდი ლარით ნაკლებია, აღნიშნული ცვლილება ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებს არ შეხებია.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 27 მაისს პარლამენტში გამოსვლისას და 2020 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო კორექტირებული ბიუჯეტი 11.9 მილიარდი ლარი იქნება, რაც პანდემიამდე დაგეგმილ ბიუჯეტზე თითქმის 2 მილიარდი ლარით ნაკლებია.