ახალი ამბები

Bellingcat: ხანგოშვილის საქმეში რუსეთის მეორე მოქალაქე ФСБ-სთანაა დაკავშირებული

30 ივნისი, 2020 • 1179
Bellingcat: ხანგოშვილის საქმეში რუსეთის მეორე მოქალაქე ФСБ-სთანაა დაკავშირებული

Bellingcat-ის, Der Spiegel-ის და The Insider-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქის და ჩეჩნეთის მეორე ომის ვეტერანის საქმეში ფიგურირებს რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც ხანგოშვილის მკვლელთან და რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (ФСБ – „ფსბ“) აქვს კავშირი.

გამოძიების ცნობით, რომან დავიდოვის (რომელიც ჟურნალისტებს გამოგონილად მიაჩნიათ) სახელზე პასპორტი მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ქალაქ ბრიანსკში გაიცა. სლოვაკეთის ვიზით დავიდოვი ევროკავშირის ტერიტორიაზე შევიდა, საიდანაც გაემგზავრა ბერლინში და იქ ხანგოშვილის მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ჩავიდა.

ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ დავიდოვმა ხანგოშვილის მკვლელს საჭირო აღჭურვილობა — იარაღი, ტრანსპორტი და ა.შ. გადასცა.

ასევე, გამოძიების თანახმად, ზემოთ ხსენებული დავიდოვი ჩარეულია ჩეჩნეთის ომის კიდევ ერთი ვეტერანის მკვლელობაში, რომელიც თურქეთის ტეროტირიაზე 2015 წელს მოხდა.

ჟურნალისტების ცნობით, ამ მკვლელობაში მონაწილე რუსეთის სამი მოქალაქის პასპორტის სერიული ნომრები ერთმანეთის თანმიმდევრული იყო.


რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.

მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ელექტრონული ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი მაშინვე გარდაიცვალა.

გერმანულ და შემდეგ საერთაშორისო მედიაში მალევე გავრცელდა ცნობები მკვლელობაში ბრალდებულის სავარაუდო კავშირზე რუსეთის სახელმწიფო სპეცსამსახურებთან, რასაც დღემდე კატეგორიულად უარყოფს ოფიციალური მოსკოვი.

თავდაპირველად ჟურნალისტურ გამოძიებებში გამოკვეთილმა ბრალდებამ დღეს უკვე ოფიციალურ არხებში გადაინაცვლა.

ზელიმხან ხანგოშვილის 2015 წელს 28 მაისს თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. მანქანაში მჯდარ ხანგოშვილს 8 ტყვია ესროლეს და დაჭრეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), რომელიც გამოძიებას აკვირდებოდა, აცხადებს, რომ პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობდა.

EMC-ის თანახმადვე, ხანგოშვილის მიმართ რუსეთის სპეციალური სამსახურების ინტერესი ყოველთვის მაღალი იყო.

გამოცემა „აქცენტთან“, რომელიც ხშირად აშუქებს ეთნიკური ჩეჩნების პრობლემებს, თვითონ ზელიმხან ხანგოშვილი ამ თავდასხმას პირდაპირ უკავშირებდა რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობას:

„არასდროს დამიმალავს, რომ რუსეთ–ჩეჩნეთის ომში ვიბრძოდი და ჩემი მეორე სამშობლოს ინტერესებს ვიცავდი. ამასთან, რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის დროს გავწიეთ ორგანიზება, შევკრიბეთ ქისტები და მზად ვიყავით საომრად. იქ, სადაც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ და ჩემი ქვეყნის ინტერესების დასაცავად შემიძლია ბრძოლა, ამას მომავალშიც გავაკეთებ, ბუნებრივია, ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე. შესაბამისად, მე მათი ინტერესების დამაბრკოლებელი ფიგურა არა, მაგრამ ჭანჭიკი მაინც ვარ“, – გამოცემის თანახმად, ამას ამბობდა თავდასხმის შემდეგ ზელიმხან ხანგოშვილი.

ის მართლაც იყო გამორჩეული ფიგურა ჩეჩნეთშიც და საქართველოშიც. დაახლოებული იყო ჩეჩნეთის პრეზიდენტ ასლან მასხადოვთან, რომელიც 2005 წელს მოკლეს რუსეთის ფედერალურმა ძალებმა; ფიგურირებდა 2012 წლის ლოპოტის ხეობის/ლაფანყურის სპეცოპერაციის ეპიზოდშიც: ის მაშინ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და ახმედ ჩატაევთან ერთად აწარმოებდა მოლაპარაკებებს.


გარეკანის ფოტოზე: რომან დავიდოვი, ფოტო: Bellingcat

მასალების გადაბეჭდვის წესი