ახალი ამბები

ყველას სურვილია, შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდეს – დეგნანი

25 ივნისი, 2020 • 1342
ყველას სურვილია, შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდეს – დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებული შეთანხმება ბოლომდე შესრულდება, საკონსტიტუციო ცვლილებებს კი პარლამენტის სრული მხარდაჭერა ექნება. ელჩის კომენტარის თარგმანს ტელეკომპანია “რუსთავი2” ავრცელებს.

“ახლა ყველას სურვილია, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდეს. პარლამეტში ორი მოსმენა გაიმართა, იყო ორი კენჭისყრა, რომელიც შეეხებოდა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას დამდეგი არჩევნებისთვის. ასევე, ერთობლივი განცხადება ამ შეთანხმებისა, რომელიც შეეხება პოლიტიკურ გავლენას მართლმსაჯულებაში და შერჩევით სამართალში. ეს საკითხი უნდა შესრულდეს. ეს იქნება დიდი წარმატება, თუკი ცვლილებები პარლამენტში გავა სრული მხარდაჭერით. ეს იქნება ერთგულების გამოხატულება იმ დემოკრატიული პროცესის მიმართ, რაც საქართველოშია და შექმნის უკეთეს პირობას არჩევნებისთვის.

ჩვენ გვესმის, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისთვის მნიშვნელოვანია, ის დამატებითი ნაბიჯები იქნას გადადგმული, რომ ეს შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს. ჩვენ იმედი გვქვს, რომ ასეც იქნება და შეთანხმება შესრულდება და კონსტიტუციური ცვლილებები იქნება მიღებული.

ჩვენთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იყოს პარლამენტის სრული მხარდაჭერით, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგი, რომ სრულად წარმატებით შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტმა 23 ივნისს, მეორე მოსმენითაც დაუჭირა მხარი. კენჭისყრა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა: “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” განაცხადა, რომ თუ პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ “მთავარი არხის” დამფუძნებელ გიორგი რურუას, ისინი ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. “ევროპულმა საქართველომ” კი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა, მეორე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

8 მარტის შეთანხმების მონაწილე ელჩებმა 19 ივნისს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და პროცესში ჩართულ ყველა მხარეს აღნიშნული ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

ახალი საარჩევნო სისტემა II მოსმენითაც მიიღეს

მასალების გადაბეჭდვის წესი