22-იდან 28 ივნისის ჩათვლით, საქართველოში უკვე მეორედ, აღვნიშნავთ ყრუ-უსინათლო პირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კვირეულს.
ეს კვირეული გვაძლევს შესაძლებლობას, საზოგადოებას გავაცნოთ ორმაგი – სმენისა და მხედველობის – სენსორული დარღვევის მქონე პირთა გამოწვევები და თავად ყრუ-უსინათლო პირები, რომელთა რაოდენობა საქართველოში, მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, არის, სულ მცირე, 700.
ყრუ-უსინათლო პირის ცხოვრება განსხვავდება „მხოლოდ“ ყრუ ან „მხოლოდ“ უსინათლო პირის ცხოვრებისაგან, რადგან აქვთ მეტი შეზღუდვა და მათი კომპენსირების ნაკლები შესაძლებლობა. ბევრ სიტუაციაში, უსინათლო ადამიანმა მხედველობა შესაძლოა ჩაანაცვლოს სმენით და, პირიქით, ყრუ ადამიანი, რომელსაც არ მიეწოდება სმენითი სტიმულები, ეყრდნობა იმას, რასაც ხედავს. ყრუ-უსინათლო ადამიანს, რომელსაც ორივე შეგრძნება დარღვეული აქვს, არ აქვს ამის შესაძლებლობა და მან უნდა ისწავლოს, დაეყრდნოს იმას, რაც შემორჩა. დაბრკოლებები კომუნიკაციაში, დამოუკიდებლად გადაადგილებასა და ინფორმაციასთან წვდომისას – ის სფეროებია, რომელთაც ყველაზე მეტად აზარალებს ორივე შეგრძნების დაქვეითება.
პრობლემის აქტუალობიდან და საჭიროების სიმძაფრიდან გამომდინარე, 2018 წლიდან, ფონდ HumanDoc-ისა და პოლონური დახმარების მხარდაჭერით, დაიწყო პროექტი „ყრუ-უსინათლო პირთა მხარდამჭერი სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში“. ეს გახლავთ საქართველოში და რეგიონში პირველი და, ამ ეტაპზე, ერთადერთი ინიციატივა, რომელიც ერთდროულად სმენისა და მხედველობის დაზიანების მქონე ადამიანების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. 2 წლის მანძილზე, პროექტის ფარგლებში, ჩამოყალიბდა ყრუ-უსინათლო პირთა რეაბილიტაციის, განათლებისა და ინტეგრაციის ცენტრები, ოთხი კლუბი საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, თელავსა და ზუგდიდში. უახლოეს მომავალში, კლუბის გახსნა ქუთაისშიც იგეგმება.
პოლონური გამოცდილების გაზიარებით, ინტენსიური სასწავლო კურსის შედეგად, მომზადდა ყრუ-უსინათლო პირთა 15 თარჯიმან-მეგზური და თარჯიმან-მეგზურის ინსტრუქტორები, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში აღნიშნულ კლუბებში საქმიანობენ და ყოველდღიურად უჭერენ მხარს ყრუ-უსინათლო ბენეფიციარებსა და მათ ოჯახის წევრებს.
პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა პირველი პუბლიკაცია ყრუ-უსინათლო პირების შესახებ ქართულ ენაზე და შეიქმნა ლორმის (ტაქტილური) ანბანის ქართული ვერსია.
პროექტის მიზანი, როგორც უკვე აღინიშნა, ბენეფიციარებისთვის მხოლოდ პირდაპირი დახმარების მიწოდება არ არის. ყრუ-უსინათლო პირები კომპლექსურ მხარდაჭერას საჭიროებენ. მათ ერთდროულად რამდენიმე მომსახურება ესაჭიროებათ სრული რეაბილიტაციის, ინტეგრაციისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის. აქედან გამომდინარე, საჭიროა არსებობდეს კონკრეტული ხედვა, ეფექტიანი პოლიტიკა აღნიშნული ყრუუსინათლობის სამართავად. კლუბის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ სამიზნე სტრუქტურებთან იმისთვის, რომ ყრუ-უსინათლო პირთა თემი, მათი გამოწვევები და საჭიროებები გახდეს უფრო ხილვადი და ჩამოყალიბდეს მათი მხარდაჭერის ეფექტიანი სისტემა.
თავად ხართ ყრუ-უსინათლო პირი?
იცნობ ვინმეს, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება?
დაგვიკავშირდით!
ყრუ-უსინათლო პირთა კლუბები საქართველოში: https://www.facebook.com/GeoLorm
ქართული ლორმის ანბანი : https://youtu.be/_6S95EmyogU
ყრუ-უსინათლო პირთა მხარდაჭერის კლუბები: https://youtu.be/ORt8uutF1RU
საკონტაქტო ინფორმაცია
[checklist]
- თბილისი, ყიფიანის ქ. 2ა, საქართველოს ყრუთა კავშირი – Clubgeolorm@Gmail.Com. ლიდერი: მაია მეტონიძე
- ბათუმი, ზ. გამსახურდიას 6, თავისუფალი სივრცე – Batumifreespeace@Gmail.Com. ლიდერი: მზია მელაძე
- თელავი, არჩილ II-ის ქ. 25, საქართველოს ყრუთა კავშირი – Maiarazmadze@Gmail.Com. ლიდერი: მაია რაზმაძე
- ზუგდიდი, მარჯვენა სანაპიროს 1, საქართველოს ყრუთა კავშირი – Clubzugdidi@Gmail.Com. ლიდერი: ნონა კვარაცხელია
[/checklist]