ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს 3 მოსამართლე დაითხოვა

24 ივნისი, 2020 • 1359
სომხეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს 3 მოსამართლე დაითხოვა

ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, სომხეთის პარლამენტმა მიიღო კონსტიტუციური ცვლილებები, რითაც, ფაქტობრივად, მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლიდან 3-ის დათხოვნას.

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ალიანსის, „ჩემი ნაბიჯის“ მიერ ინიცირებული ცვლილებების შედეგად, სასამართლომ ახალი თავმჯდომარეც უნდა აირჩიოს ჰრაირ თოვმასიანის ნაცვლად.

თოვმასიანი, რომელიც ბოლო ერთი წელია, ფაშინიანის გუნდთან დაპირისპირებაშია, თავმჯდომარის პოსტის დატოვების მიუხედავად, დაუყოვნებლივ არ ტოვებს სასამართლოს. ის მოსამართლეები, ვისაც პოსტის დატოვება მოუწევთ, არიან  ალვინა გიულუმიანი, ფელიქს თოხიანი და ჰრანტ ნაზარიანი.

საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც ფაშინიანის ალიანსმა დაგეგმა, თავდაპირველად ითვალისწინებდა საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა წევრიდან შვიდის გათავისუფლებას, რომლებსაც მმართველი გუნდი უკავშირებს ქვეყნის წინა „კორუფციულ რეჟიმს“.

ეს პირები, როგორც რადიო „თავისუფლება“ წერს, ბოლო წელიწადში დიდი წნეხის ქვეშ იყვნენ, რათა დაეტოვებინათ დაკავებული პოზიციები. ფაშინიანი და მისი გუნდი აცხადებენ, რომ ისინი ხელს უშლიან სასამართლოს რეფორმირებას და წინა, სერჟ სარქისიანის კორუფციულ რეჟიმთან არიან დაკავშირებული.

ამას თოვმასიანი და სხვა მოსამართლეები სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ფაშინიანი ქვეყნის უმაღლესი სასამართლოს ხელში ჩაგდებას ცდილობს.

2020 წლის 17 თებერვალს სომხეთში ოფიციალურად დაიწყო სარეფერენდუმო კამპანია კონსტიტუციური ცვლილებებისთვის, რის შედეგადაც ეს 7 მოსამართლე უნდა მოეხსნათ. თუმცა, კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე, რეფერენდუმი ჯერ გადაიდო, შემდეგ კი საერთოდ გაუქმდა.

საბოლოოდ, 2020 წლის მაისში, ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, — როგორც რადიო თავისუფლება წერს, — „ნაკლებად რადიკალური“ გადაწყვეტილება მიეღო და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის 12 წელზე მეტი ხნით მსახურება აეკრძალა. სწორედ ამ ცვლილების შედეგად ტოვებს სამი მოსამართლე პოსტს.

22 ივნისს პარლამენტში ხმის მიცემისას ცვლილებებს 132 პარლამენტარიდან 89-მ დაუჭირა მხარი. ორმა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა კენჭისყრას, მათ შორის, მილიონერი გაგიკ წარუკიანის „აყვავებულმა სომხეთმა“.

ცვლილებები მეორე მოსმენითაც მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი