ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აღარ გვყავს კოვიდპაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას ელიან – ფაშინიანი

23 ივნისი, 2020 • 1284
აღარ გვყავს კოვიდპაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას ელიან – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ამჟამად ქვეყანაში აღარ ჰყავთ Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას ელოდებიან.

რამდენიმე კვირის წინ ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული კლინიკები ვეღარ იღებდნენ ყველა კოვიდინფიცირებულ პაციენტს და ზოგიერთ მათგანს ჰოსპიტალიზაციის რიგში დგომა უწევდა.

23 ივნისს მან ფეისბუკზე დაწერა: „დღეს ჩვენ მივედით იმ ეტაპზე, რომ აღარ გვყავს არცერთი პაციენტი, რომელიც ჰოსპიტალიზაციას სახლში ელოდება“.

თუმცა ასევე დაწერა, რომ სომხეთის „ჯანდაცვის სისტემის გაფართოების შესაძლებლობები შეუზღუდავი არ არის“ და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ეპიდემიოლოგიური წესები დაიცვან. პრემიერმა მოსახლეობა შემდეგი სიტყვებით გააფრთხილა:

„გახსოვდეთ! ინფიცირების ყოველი 100 ახალი შემთხვევიდან 15 შემთხვევაში ადამიანების საავადმყოფოში გადაყვანა აუცილებელი იქნება; მათგან 5 გარდაუვლად მოხვდება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რომელთაგან ორიც, სამწუხაროდ, ყველა მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვლება“…

23 მარტს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ბოლო 24 საათში Covid-19-ით ინფიცირების 418 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, ინფიცირებათა ჯამურმა რაოდენობამ 21 000-ს გადააჭარბა — დაფიქსირებულია Covid-19-ით ინფიცირების 21006 შემთხვევა.

ჯამში, ჩატარებულია 98117 ტესტირება. ბოლო ერთ დღეში 1274 ტესტი ჩატარდა.

ამჟამად მკურნალობას აგრძელებს 10364 პაციენტი.

გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 372 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი