ახალი ამბები

47%-ს სასამართლოში “კლანის” არსებობის სჯერა – კვლევა

23 ივნისი, 2020 • 1038
47%-ს სასამართლოში “კლანის” არსებობის სჯერა – კვლევა

მართლმსაჯულების სისტემის მთავარი ხარვეზი მისი პოლიტიზება და მმართველი ძალის სამსახურში ყოფნაა – ასეთია ზოგადი სურათი, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობის” საზოგადოებრივი აზრის კვლევიდან გამოიკვეთა. ავტორებმა მოქალაქეებს სასამართლო სისტემაში “კლანის” არსებობაზე, მმართველი პარტიის გავლენებსა და სხვა საკითხებზე ჰკითხეს აზრი.

გამოკითხულთა 47%-ს მიაჩნია, რომ სასამართლო სისტემაში არსებობს გავლენიანი ჯგუფი(“კლანი”), მათგან 84% კი ფიქრობს, რომ აღნიშნულ ჯგუფს ხელისუფლების წარმომადგენლები უჭერენ მხარს. გამოკითხულთაგან, რომელთაც სისტემაში “კლანის” არსებობის სჯერათ, 88% ამბობს, რომ მასში შემავალმა ადამიანებმა სასამართლო უნდა დატოვონ.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს სასამართლო სისტემის დახასიათებაც სთხოვეს რიგი კრიტერიუმების მიხედვით. გამოკითხულთა 45%-ს მიაჩნია, რომ აღნიშნული სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, 23% “ქართული ოცნების” ნაწილობრივ გავლენაზე საუბრობს, 15% კი საერთოდ არ იზიარებს ამ მოსაზრებას. 40% მიიჩნევს, რომ სასამართლოზე მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის კონტროლი ვრცელდება, ასევე 40% კი ფიქრობს, რომ სისტემა მიკერძოებულია. გამოკითხულთაგან მხოლოდ 20% მიიჩნევს სისტემას სრულად სამართლიანად, 36% კი საპირისპიროს ფიქრობს.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” ასევე დაინტერესდა ადამიანების აზრით, არის თუ არა გავრცელებული საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრების პრაქტიკა. შედეგების თანახმად, გამოკითხულთა ყველაზე მეტი, 48% თვლის, რომ საქართველოში გავრცელებულია აღნიშნული პრაქტიკა, 38%-ს კი მიაჩნია, რომ ამგვარი დაპატიმრება არ არის გავრცელებული.

კითხვაზე, ემსახურება თუ არა მმართველი პარტიის ინტერესებს პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შედეგები ასე ნაწილდება:

საზოგადოებრივი აზრის კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1763 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.2%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.