ახალი ამბები

საგარეო, ჯანდაცვა, განათლება – რა მიმართულებებით არჩევს “ოცნება” ახალ სახეებს

22 ივნისი, 2020 • 1310
საგარეო, ჯანდაცვა, განათლება – რა მიმართულებებით არჩევს “ოცნება” ახალ სახეებს

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია აპირებს „გააძლიეროს რამდენიმე სხვადასხვა მიმართულება“, მათ შორის — საგარეო. ამის შესახებ მან „დღის კურიერში“ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ იქნებიან „ქართული ოცნების“ ახალი სახეები, კობახიძემ უპასუხა, რომ „ამაზე მუშაობა დაწყებულია“, ხოლო ივლისის დასაწყისიდან „ოცნება“ მაჟორიტარობის 30-ივე კანდიდატს წარადგენს.

„ამაზე მუშაობა დაწყებულია. ჩვენ უკვე ივნისის დასაწყისიდან, პირველი ნახევრიდან ვგეგმავთ მაჟორიტარების წარდგენას, 30-ივე მაჟორიტარი დასახელდება ივლისის პირველ ნახევარში. ამის შემდეგ გვაქვს დრო იმისთვის, რომ თანდათანობით წარვადგინოთ მათ შორის ახალი სახეები. სია შედგება იურიდიულად სექტემბრის ბოლოდმე, ანუ მანამდე ჯერ კიდევ დრო არის. თუმცა ჩვენ, ბუნებრივია, ბოლომდე არ დავიცდით და მანამდე გვექნება ახალი სახეების წარდგენა. ჩვენი მიზანი არის გუნდის გაძლიერება

ჩვენთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით პოზიციების გაძლიერება პარლამენტში, ეს არის იგივე საგარეო მიმართულება, სადაც გვინდა, სულ მცირე, რამდენიმე პოლიტიკოსის დამატება“, — აღნიშნა მან.

კობახიძემ აგრეთვე განაცხადა, რომ პარტია აპირებს „გაძლიერდეს კონკრეტულ დარგებში, იგივე განათლებაში, ჯანდაცვაში“.

„შეიძლება იყოს დიპლომატიური გამოცდილების მქონე ადამიანი, შეიძლება იყოს სხვა გამოცდილების მქონე ადამიანი, მთავარია ჰქონდეს იმის რესურსი, რომ საგარეო მიმართულებით აქტიურად იმუშაოს. ასევე, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება კონკრეტულ დარგებში, იგივე განათლება, ჯანდაცვა“, — განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა იყვნენ ცნობილი ექიმები სიაში, კობახიძემ უპასუხა, რომ „ზოგადად, ჯანდაცვის სფეროში გუნდის გაძლიერებაა“ საჭირო:

„ჩვენ დაგვჭირდება, ზოგადად, ჯანდაცვის სფეროში გუნდის გაძლიერება, ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი, დანარჩენი დეტალებია. სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა დარგში გუნდის გაძლიერება შესაბამისი დარგის მიმართულებით, ეს იქნება მთავარი წერტილი“, — დასძენს იგი.

ამასთან ერთად, კობახიძემ განაცხადა, რომ თავად მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატი არ იქნება:

„მე მაჟორიტარი ვერ ვიქნები იმიტომ, რომ არსებითად ვიქნები ჩართული შტაბის მართვაში, აქედან გამომდინარე ჩემი მაჟორიტარობა არის გამორიცხული, დანარჩენს გადაწყვეტს პოლიტიკური საბჭო“, — ამბობს კობახიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი