ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სასამართლომ არ დაუჭირა მხარი წარუკიანის პატიმრობას

22 ივნისი, 2020 • 1389
სასამართლომ არ დაუჭირა მხარი წარუკიანის პატიმრობას

ერევნის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეროვნული უშიშროების სამსახურის (NNS-ის) შუამდგომლობა მილიონერი ბიზნესმენისა და პარლამენტარის, გაგიკ წარუკიანის დაკავების შესახებ.

„მოხარული, ვარ, რომ სასამართლო იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ თავი შორს დაიჭირა პოლიტიკური პროცესისგან“, — განაცხადა მისმა ადვოკატმა.

სომხეთის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

უშიშროების სამსახური, რომელსაც წარუკიანისთვის ბრალი წაყენებული აქვს ამომრჩევლის მოსყიდვის მუხლით, სასამართლოსგან მისი დაკავების ნებართვას ითხოვდა. რამდენიმე დღით ადრე მას პარლამენტმა სადეპუტატო იმუნიტეტი გაუუქმა;

გამოძიების ვერსიით, წარუკიანის შექმნილმა ორგანიზებულმა ჯგუფმა ამომრჩევლები მოისყიდა და ასე მოიპოვა უკანონოდ 17,000 ხმა პარლამენტში მოსახვედრად.

რამდენიმე დღის წინ სამართალდამცავებმა წარუკიანის სახლი გაჩხრიკეს, ის კი 8 საათის განმავლობაში ჰყავდათ უშიშროების შენობაში დაკითხვაზე;

წარუკიანის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს სამ საქმეზე, — უკანონო სათამაშო ბიზნესი, მიწის ნაკვეთების მისაკუთრება და 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ამომრჩევლის მოსყიდვა;

წარუკიანი და მისი მხარდამჭერები საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. მისმა ადვოკატმა, ტიგრან ათანესიანმა ფეისბუკზე დაწერა, რომ დაუშვებელია მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 17 ივნისს უარყო ბრალდებები წარუკიანის დაკავების პოლიტიკურ მოტივთან დაკავშირებით.

წარუკიანი სომხეთის ოპოზიციური პარტიის, „აყვავებული სომხეთის“ ლიდერია. ეს პარტია უდიდესი ოპოზიციური პარტიაა პარლამენტში.

„რადიო თავისუფლების“ სომხურენოვანი გამოცემის თანახმად, წარუკიანმა 5 ივნისს მწვავედ გააკრიტიკა ნიკოლ ფაშინიანი და მისი მთავრობა Covid-19-ის პანდემიის კრიზისთან ბრძოლის სტრატეგიის გამო, რასაც მმართველმა გუნდმა ასევე მწვავე განცხადებებით უპასუხა.


ევროპის სახალხო პარტიის [EPP]თავმჯდომარე დონალდ ტუსკმა 17 ივნისს განაცხადა, რომ ევროპის სახალხო პარტია შეშფოთებულია სომხეთში დემოკრატიის უკუსვლის არაერთი შემთხვევით“ და პარტია „მოუწოდებს სომხეთის ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ოპოზიციაზე ზეწოლისაგან“;

განცხადებიდან მეორე დღეს ერევნის სააპელაციო სასამართლოს 18 ივნისის გადაწყვეტილებით, სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი