ახალი ამბები

მეორე დღეა ეძებენ ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელიც მცხეთის ტერიტორიაზე დაიკარგა

20 ივნისი, 2020 • 1577
მეორე დღეა ეძებენ ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელიც მცხეთის ტერიტორიაზე დაიკარგა

მეორე დღეა პოლიცია, სამაშველო სამსახური და ოჯახი ახალგაზრდა ფეხბურთელს გიორგი შაქარაშვილს ეძებს, რომელიც მცხეთის ტერიტორიიდან დაიკარგა. საფეხბურთო კლუბი “საბურთალო”, რომლის შემადგენლობაშიც გიორგი ასპარეზობს, მოსახლეობას დახმარებას სთხოვს.

“ჩვენი აღზრდილი ფეხბურთელი და ჩვენი აკადემიის წევრი გიორგი შაქარაშვილი ორი დღის წინ უკვალოდ გაქრა მცხეთის ტერიტორიიდან. ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. გთხოვთ, თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ დაგვიკავშირდით”, – ნათქვამია საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” განცხადებაში.


გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოებისთვის, 20 ივნისს 17:00 საათიდან 21 ივნისის 18:00 საათამდე იგეგმება ზაჰესის დამბის გახსნა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვა. ეს გამოიწვევს მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტიუაციების მართვის სამსახურის ცნობით, აღნიშნული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს გამოიჩინონ სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით.

“19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ მიმართა. პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები რომელიც მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება. ნარეკვავის დასახლებაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება მათ შორის მდინარე არაგვსა და მტკვარზე. ღონისძიებაში ჩართული არიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები და მყვინთავები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 60 მაშველი და 6 მყვინთავი’, – ნათქვამია სამაშველო უწყების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი