ახალი ამბები

“ცვლილებები მშრომელების უფრო მეტ დაცულობას უზრუნველყოფს” – HRW შრომით კანონმდებლობაზე

18 ივნისი, 2020 • 1463
“ცვლილებები მშრომელების უფრო მეტ დაცულობას უზრუნველყოფს” – HRW შრომით კანონმდებლობაზე

საერათაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch (HRW), რომელიც ადამიანების უფლებების დაცვაზე მუშაობს, ეხმაურება საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ.

„კანონის მიღების შემთხვევაში, ცვლილებები მშრომელების უფრო მეტ დაცულობას უზრუნველყოფს და დიდ ნაბიჯს გადადგამს საქართველოს შრომის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან და სწორ პრაქტიკებთან მოქცევაში“, — აცხადებს ორგანიზაცია.

HRW-ის განცხადებით, „დერეგულირების წლებმა ქართველი მშრომელები ადეკვატური დაცვის გარეშე დატოვა. უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, 2006 წელს, საქართველომ გააუქმა შრომის ინსპექცია და მნიშვნელოვნად შეამცირა მშრომელების დაცულობა შრომის კოდექსში ყოველკვირეული დასვენების, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზღუდვის და ცვლებს შორის შესვენების შესახებ დებულებების ამოღებით. 2006 წლის შრომის კოდექსით ასევე შესაძლებელი გახდა, მშრომელები გაფრთხილების ან მიზეზის გარეშე გათავისუფლდნენ“.

ორგანიზაციის ცნობით, „მშრომელებმა საქართველოში დერეგულაციისთვისა და შრომითი დაცვისა და ინსპექტირების შემსუბუქებისთვის დიდი ფასი გადაიხადეს. ერთ-ერთი დამოუკიდებელი კვლევის თანახმად, სამუშაო ადგილზე გარდაცვალება 2006 წლიდან 74 პროცენტით გაიზარდა, მათი უმრავლესობა — მშენებლობებსა და სამთო სამუშაოებში“.

ორგანიზაციაში აგრეთვე ამბობენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, შრომის ინსპექცია მეტ დამოუკიდებლობას მიიღებს: „კანონის მიღების შემთხვევაში, კანონი მისცემს შრომის ინსპექციას მეტ დამოუკიდებლობას და გააფართოებს მის მანდატს, მონიტორინგი გაუწიოს ყველა შრომით სტანდარტს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს“.


კანონპროექტის მიხედვით, რომელიც “შრომის კოდექსში” ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება მამებისთვისაცაა გათვალისწინებული. დღემდე მოქმედ “შრომის კოდექსში” მამის მიერ შვებულების აღების საკითხი ცალკე არ არის გამოყოფილი, რაც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა.

გარდა ამისა, კანონპროექტში ისეთი თემებიც შედის, როგორებიცაა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ცვლილება, სტაჟირების დროის რეგულირება და სხვა.

კანონპროექტის მიხედვით,  დეკრეტული შვებულებით სარგებლობას მამებიც შეძლებენ. ასევე, 3 თვით განისაზღვრება ერთჯერადი უხელფასო სტაჟირების მაქსიმალური ვადა. ქალისა და კაცის თანაბარი შრომის ანაზღაურება კი ერთნაირად უნდა განისაზღვროს. ამასთან, კანონპროექტით იკრძალება ზეპირი ფორმით შრომითი ხელშეკრულების დადება.

პროექტს აკრიტიკებს „საქართველოს ბიზნესასოციაცია“ — 17 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციამ გააკრიტიკა პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების პროექტი, რომელიც შრომით ურთიერთობებს არეგულირებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კანონის პროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, გაართულებს ვითარებას შრომით ბაზარზე, “რომელიც ისედაც დაზარალდა ახალი კორონავირუსის კრიზისის შედეგად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი