ახალი ამბები

კაცების 68%-ს სჯერა, რომ ოჯახში „საბოლოო სიტყვა“ კაცს ეკუთვნის – კვლევა

16 ივნისი, 2020 • 1209
კაცების 68%-ს სჯერა, რომ ოჯახში „საბოლოო სიტყვა“ კაცს ეკუთვნის – კვლევა

საქართველოში გამოკითხულ კაცთა 68%-ს სჯერა, რომ ოჯახში „საბოლოო სიტყვა“ კაცს ეკუთვნის. იმავე აზრს ქალთა 39% იზიარებს.

კვლევაში “კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება”, შედეგებზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ როდესაც პარტნიორები თანაბრად არ იღებენ მონაწილეობას, იქ გავლენას ტრადიციული გენდერული როლები ახდენს.

მაგალითად, ქალების 32% და კაცების 16% ამბობს, რომ ბოლო სიტყვა საოჯახო ხარჯთან დაკავშირებით მას ეკუთვნის, თუმცა დიდ ინვესტიციებთან დაკავშირებით იმავე პასუხს ქალების მხოლოდ 12 და კაცების 27 პროცენტი აფიქსირებს.

„კაცების 24 და ქალების 12 პროცენტის თქმით, მისი პარტნიორი საოჯახო ხარჯის შესახებ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს. აქაც, როგორც ჩანს, გავლენას ტრადიციული გენდერული როლები ახდენს: ქალის, როგორც ოჯახზე მზრუნველისა და კაცის, როგორ მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღებისა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთანავე, კაცების უმრავლესობა და ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავაც მიიჩნევს, რომ ზოგადად გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის, ქალების მეგობრებთან დაკავშირებითაც, კაცებს მეტი ძალაუფლება უნდა ჰქონდეთ.

ფოტო: სქრინი კვლევიდან

ამასთანავე, 2019 წელს კაცების 68% მიიჩნევს, რომ მას „საბოლოო სიტყვა“ ეკუთვნის, იმავე აზრს ქალთა მხოლოდ 39% იზიარებს. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ამ კითხვაზე იგივე პასუხი 2013 წელს კაცების 88%-მა გასცა.

კვლევა სრულად შეგიძლია წაიკითხოთ აქ.


კვლევაში „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ სულ 2408 რესპონდენტი მონაწილეობდა, მათ შორის 1102 კაცია, ხოლო 1296- ქალი.

კვლევა მოიცავს რაოდენობრივ და თვისობრივ კომპონენტებს. რაოდენობრივი კვლევა ფარავს მთელ საქართველოს, ხოლო თვისობრივი კვლევა ჩატარდა ხუთ რეგიონში (თბილისში, კახეთში, იმერე­თში, სამეგრელო-­ზემო სვანეთსა და გურიაში).

კვლევა გამოქვეყნებულია შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ მხარდაჭერით. ამ ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები არ წარმოადგენს გაეროს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ან გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) შეხედულებებს.

მომზადებულია Promundo–ს მიერ გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.
კვლევის საველე სამუშაო შესრულდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.

ავტორები: დებოლენა რაკშიტი და რუთი ლევტოვი, მომზადებულია იაგო კაჭკაჭიშვილის ტექნიკურ ანგარიშზე დაყრდნობით

მასალების გადაბეჭდვის წესი