ახალი ამბები

ატლანტას პოლიციის უფროსი გადადგა, პოლიციელი, რომელმაც შავკანიან მოქალაქეს ესროლა – დაითხოვეს

14 ივნისი, 2020 • 1059
ატლანტას პოლიციის უფროსი გადადგა, პოლიციელი, რომელმაც შავკანიან მოქალაქეს ესროლა – დაითხოვეს

ატლანტაში პოლიციის ოფიცერი, რომელმაც შავკანიან მოქალაქე რეიშარდ ბრუკსს ესროლა, პოლიციიდან გაათავისუფლეს, ხოლო პოლიციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა.

27 წლის ბრუკსი პოლიციის ოფიცერმა პარასკევს ღამით მოკლა Wendy’s-ის რესტორანთან. ამერიკული მედიის ცნობით, ბრუკსს აკავებდნენ (ავტომობილის მართვასთან დაკავშირებულ საქმეზე), რა დროსაც მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, ერთ-ერთ ოფიცერს ელექტროშოკური იარაღი “ტეიზერი” გამოსტაცა და პოლიციელების წინააღმდეგ გამოიყენა, როდესაც ის გარბოდა. პოლიციის ცნობით, ამის შემდეგ ესროლა მას ერთ-ერთმა ოფიცერმა ცეცხლსასროლი იარაღი.

ატლანტას მერმა კეიშა ლენს ბოტომსმა თქვა, რომ მისი აზრით, ეს სასიკვდილო ძალის გამართლებული გამოყენება არ იყო პოლიციის მხრიდან. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

როგორც ცნობილია, ბოლო კვირებია აშშ-ში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს მეორე შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის დაღუპვის გამო, რომელშიც ასევე თეთრკანიან პოლიციელს ედება ბრალი. აქციები ატლანტაში ბრუკსის მკვლელობის შემდეგაც გაძლიერდა, დაიწვა რესტორანი, რომელიც მომხდართან ახლოს მდებარეობს. პოლიციამ რამდენიმე ათეული მომიტინგე დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი