ახალი ამბებისამართალი

ნარკოდანაშაულზე მსჯავრდებულთა ნაწილისთვის ბესელია ამნისტიის გამოცხადებას ითხოვს

14 ივნისი, 2020 • 2475
ნარკოდანაშაულზე მსჯავრდებულთა ნაწილისთვის ბესელია ამნისტიის გამოცხადებას ითხოვს

დეპუტატა ეკა ბესელია, რომელიც პარტია “სამართლიანობისთვის” დამფუძნებელია, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრების ნაწილისთვის ამნისტიის გამოცხადებას ითხოვს და პარლამენტში შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივასაც არეგისტრირებს.

“ნარკოპოლიტიკის რეფორმა დაგვიანდა და ამ დრომდე დაპირებული შეჯერებული საკანონმდებლო ცვლილებები ვერ განხორციელდა.  მიუხედავად იმისა, რომ  2013  წლიდან ჯერ ამნისტიის აქტით, შემდგომ საჯელთა შეკრების წესის გაუქმებით მოხდა ნარკომომხმარებლების დიდი ნაწილის გათავისუფლება, მაინც დარჩა საპატიმროში პატიმართა ისრაოდენობა, რომელიც უსამართლო გადაწყვეტილებების გამო  იხდის სასჯელს.

საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შემდგომ. ამ ცვლილებების მიღებას ეს პარლამენტი აღარ აპირებს და სწორედ ამიტომ,  ვაინიცირებთ ამნისტიის პროექტს, რათა უსამართლო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ ის პატიმრები, ვინც ამ დრომდე ელოდებოდა სამართლიან გადაწყვეტილებებს”, – ნათქვამია ბესელიას განცხადებაში.

ბესელიას პარტიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად ამნისტიის პროექტი არ ეხება, გასაღების მუხლს.

ამნისტიის პროექტის მიხედვით:

  • ის პირები, რომლებიც სასჯელს იხდიან ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის ან/და დამზადების ნიშნით კვალიფიცირებული დანაშაულისათვის, გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან;
  • ის პირები, რომლებიც სასჯელს იხდიან ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან;
  • ის პირები, რომლებიც სასჯელს იხდიან მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა/ შენახვისათვისგათავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუისმგებლობისაგან.

ამნისტიის პროექტის მიხედვით, სასჯელისაგან გათავისუფლებულ პირებს მოეხსნებათ ნასამართლობა. ასევე, პირებს, რომელსაც შეეხება  ამნისტიის მოქმედება, აღუდგებათ ჩამორთმეული უფლებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი