ახალი ამბები

COVID-19 ირანში: გავრცელების ხელახალი ზრდა და შესაძლო “მეორე ტალღა”

12 ივნისი, 2020 • 785
COVID-19 ირანში: გავრცელების ხელახალი ზრდა და შესაძლო “მეორე ტალღა”

ივნისის პირველი დღეები ირანში COVID-19-ის შემთხვებების მკვეთრი ზრდით აღინიშნა. ქვეყნის მთავრობამ პანდემიის თანმდევი შეზღუდვები ჯერ კიდევ აპრილის შუა რიცხვებში შეამსუბუქა, თუმცა ამჟამინდელი ვითარება კითხვებს აჩენს ქვეყანაში ვირუსის შესაძლო მეორე ტალღის შესახებ, რომელზეც ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება არ საუბრობს და სტატისტიკის ზრდას ტესტირების გაზრდილი მასშტაბებით ხსნის.

მიმდინარე თვის პირველი კვირის მანძილზე, ირანში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საშუალო რაოდენობა 3 000-ს აღემატებოდა. BBC-ის თანახმად, ეს რიცხვი 50%-ით მეტი იყო მაისის ბოლო კვირასთან შედარებით. 4 ივნისს ახალი შემთხვევების რიცხვმა 3 574-ს მიაღწია, შემდეგ კი ეტაპობრივი კლება დაიწყო.

მანამდე, ქვეყანაში უმაღლესი დღიური მაჩვენებელი 30 მარტს იყო დაფიქსირებული, როცა ოფიციალურმა პირებმა 3 186 ახალი შემთხვევა დათვალეს. ამავე პერიოდში ირანის ხელისუფლებას არასაკმარისი ზომებისათვის აკრიტიკებდნენ საკვანძო რელიგიურ ობიექტებთან მიმართებით. აპრილში, როცა ვირუსის დღიური გავრცელების მაჩვენებელი 1 000-მდე დაეცა, მთავრობამ შეზღუდვების გამარტივება დაიწყო: გაიხსნა მაღაზიები, რესტორნები და მოლები, მეჩეთებში ლოცვა განახლდა და პროვინციებს შორის მოგზაურობა დასაშვები გახდა.

BBC-ის ცნობით, შემთხვევების რიცხვის ხელახალ ზრდას ირანის ხელისუფლება ტესტირების მასშტაბების გაფართოებით ხსნის.

“როცა მეტი ტესტი კეთდება, ბუნებრივად იდენტიფიცირდება მეტი შემთხვევა”, – თქვა ქვეყნის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ. ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა კი თქვა, რომ მთავრობამ იმ ხალხის იდენტიფიცირებაც დაიწყო, რომელთაც სიმპტომები ნაკლებად ან საერთოდ არ უვლინდებათ, რამაც დადასტურებული შემთხვევების რიცხვი გაზარდა.

დადასტურებული შემთხვევების პროპორციის ზრდა აშკარაა: 29 მაისს ტესტების 11%-ზე ნაკლები იყო დადებითი, 6 ივნისისათვის კი ეს მაჩვენებელი 14%-მდე გაიზარდა.

შემთხვევების ზრდის ფონზე, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ჩივის, რომ ადამიანები არ იცავენ წესებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. უწყების მონაცემებით, მკვეთრად დაეცა იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციის ინსტრუქციებს მიჰყვებიან.

ირანის პრეზიდენტი მოსახლეობას აქამდეც აფრთხილებდა, რომ შეზღუდვები კვლავ ამოქმედდება, თუ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი აიწევს. BBC-ის სპარსული სამსახური აღნიშნავს, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას არ სურს “მეორე ტალღაზე” საუბარი, თუმცა ზოგიერთი პროვინციის ოფიციალური პირები აღნიშნულზე ლაპარაკობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი