ახალი ამბები

სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებას ჰგავს – ვოლსკი 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე

9 ივნისი, 2020 • 1701
სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებას ჰგავს – ვოლსკი 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი არ გამორიცხავს, 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე “რთული სიტუაცია შეიქმნას”, თუმცა იმედოვნებს, რომ “სამართალდამცველები თავის სიმაღლეზე იდგებიან”.

“თუ იმას ზეიმობენ, ერთი წლისთავს როგორ მოახდინეს ასეთი დაძაბულობის პროვოცირება, მე მგონი, ამაში სატრაბახო არაფერი აქვთ და ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებას უფრო ჰგავს ეს დაგეგმილი ღონისძიება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

მოძრაობა “სირცხვილია” თბილისის მერს, კახა კალაძეს 20 ივნისს დაგეგმილი აქციის შესახებ აუწყებს. აქტივისტთა თქმით, შეკრების სრულფასოვნად, რეკომენდაციების დაცვით ჩასატარებლად საჭიროა საავტომობილო მოძრაობის გარკვეული დროით შეზღუდვა. შესაბამისი განცხადება აქტივისტებმა მერიაში დღეს, 9 ივნისს შეიტანეს.


საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანება მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი