ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აშშ აღარ დააფინანსებს სომხურ საიტს, რომელიც Covid-19-ზე დეზინფორმაციას ავრცელებდა

9 ივნისი, 2020 • 2018
აშშ აღარ დააფინანსებს სომხურ საიტს, რომელიც Covid-19-ზე დეზინფორმაციას ავრცელებდა

აშშ-ის ელჩი სომხეთში აცხადებს, რომ საელჩო აღარ დააფინანსებს ვებსაიტს, რომელიც Covid-19-ის ეპიდემიის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდა.

დამოუკიდებელმა გლობალურმა მედიაორგანიზაცია openDemocracy-მ რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც სომხურენოვანი გამოცემა medmedia.am, რომელიც კორონავირუსს „ფეიკ-პანდემიად“ წარმოაჩენს და ამავე დროს, კორონავირუსის პოტენციურ ვაქცინებს „ბიოლოგიურ ირაღად“ მოიხსენიებს, აშშ-ის გადამხდელთა ფულით იყო დაფინანსებული.

როგორც openDemocracy-ის სტატიაში წერია, ვებ-გვერდი 2019 წელს სომხეთში, აშშ-ის საელჩოს „დემოკრატიის ხელშემწყობის“ მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სომხეთის ახალგაზრდა ექიმების ასოციაციის“ (AAYD) მიერ შეიქმნა.

საიტს დღეში საშუალოდ 100 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, ყოველდღიურ ოფიციალურ ახალ ამბებთან და განცხადებებთან ერთად, ვებ-გვერდზე განთავსებულია ისეთი ტიპის მასალები, სადაც მოუწოდებენ მკითხველს, უარი თქვან კორონავირუსის პოტენციურ ვაქცინაციაზე – აღნიშნულ სტატიას 131 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. ამასთან, ვებ-გვერდის ცალკეული მასალები განსაკუთრებით,აქტიურად ვრცელდებოდა ფეისბუკით.

„აშშ-ის საელჩო სომხეთში ადასტურებს, რომ გრანტების პროგრამის ფარგლებში ნამდვილად დაფინანსდა აღნიშნული ვებ-გვერდი, თუმცა არ ასახელებს გრანტის ოდენობას და არც ვებ-გვერდის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე აკეთებს კომენტარს“, – ეწერა საგამოძიებო სტატიაში.

გარდა ამისა, როგორც ირკვევა, ვებ-გვერდის შემქმნელმა აღნიშნულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 10 ათასი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი ევროკავშირიდანაც მიიღო.

სტატიაში წერია, რომ ვებ-გვერდი medmedia.am დაფუძნებულია ექიმ გევორგ გრიგორიანის მიერ, რომელიც იქამდე ჰომოფობიური გამონათქვამებითაც იყო ცნობილი.

4 ივნისს, რადიო თავისუფლების სომხურენოვან სამსაზურთან ინტერვიუში სომხეთში აშშ-ის ელჩმა, ლინ ტრეისიმ განაცხადა, რომ საელჩო აღარ გააგრძელებს მედიაგამოცემის დაფინანსებას.

„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით დეზინფორმაციას, რომელიც თავგზას უბნევს მოსახლეობას, რომელიც არ ეხმარება მათ, განსაკუთრებით პანდემიისას“, — განაცხადა ელჩმა ტრეისიმ.

აშშ-ის ელჩის თანახმად, „ვებსაიტი იყო ერთ-ერთი ნაწილი ერთი წლის წინ გაცემული უფრო დიდი გრანტისა, რომლის მიზანიც იყო ფოკუსირება კორუფციის შემცირებაზე ჯანდაცვის სისტემაში“. ელჩის თქმით, მას შემდეგ, რაც საიტზე დეზინფორმაციის შესახებ გაიგეს, დაუკავშირდნენ გრანტის მიმღებს თხოვნით, ეს მასალები აეღოთ.

„გრანტის მიმღებმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მიიჩნია, რომ ეს იყო სიტყვის თავისუფლების საკითხი. ჩვენ სხვანაირად მივიჩნიეთ. სიტყვის თავისუფლება უნდა იყოს დაბალანსებული ვებსაიტის პასუხისმგებლიანი მენეჯმენტით“, – განაცხადა მან.

„გრანტი იწურებოდა მაისის დასაწყისში, თუმცა გრანტის მიმღები ითხოვდა, გაგვეგრძელებინა პროექტი. ამ პრობლემების გამოჩენის შემდეგ კი მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გავუგრძელოთ [გრანტი]“, – თქვა მან.

ელჩის თქმით, ამ შემთხვევამ მათ გამოცდილება შესძინა და მომავალში საელჩო გრანტის გაცემის „პროცედურებს გაამკაცრებს“, რათა ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფულით წახალისდეს „ჯანსაღი, პასუხისმგებლიანი დისკუსიები“.

მასალების გადაბეჭდვის წესი