ახალი ამბები

კაფე-რესტორნებმა დახურულ სივრცეში მუშაობა განაახლეს [ფოტოები]

9 ივნისი, 2020 •
კაფე-რესტორნებმა დახურულ სივრცეში მუშაობა განაახლეს [ფოტოები]

საქართველოში რესტორნებმა და კაფე-ბარებმა 2-თვიანი პაუზის შემდეგ დახურულ სივრცეში სტუმრების მიღება 8 ივნისს დაიწყეს, თუმცა, როგორც კვების ობიექტების წარმომადგენლები “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავენ, სტუმრების რაოდენობა მთელი დღის განმავლობაში ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე პანდემიის დაწყებამდე.

სხვადასხვა კვების ობიექტის წარმომადგენელი კლიენტების სიმცირეს განსხვავებული მიზეზით ხნის. ნაწილის აზრით, ამის მიზეზი ხალხის სიფრთხილეა, ნაწილი ტურისტების ნაკლებობას ასახელებს მიზეზად, ნაწილი კი ახლომდებარე სამუშაო ობიექტების დაკეტვას.

კლიენტების ნაკლებობამ და ახალმა რეგულაციამ, რომელიც მაგიდებისა და სკამების რაოდენობის შემცირებას გულისხმობს, გავლენა იქონია კვების ობიექტებში დასაქმებულ ადამიანებზეც. რესტორნებისა და კაფე-ბარების წარმომადგენლების განმარტებით, შემცირებული შემოსავლის გამო, ისინი იძულებეული გახდნენ დასაქმებულთა ნაწილი უხელფასო შვებულებაში გაეშვათ იქამდე, სანამ მდგომარეობა ძველ რიტმს არ დაუბრუნდება, ანუ მოიხსნება შეზღუდვები და გაიზრდება კლიენტთა რაოდენობა.

კვების ობიექტების წარმომადგენლების განმარტებით, პროდუქტის მიმწოდებლებმა პროდუქცია გააძვირეს, რამაც გარკვეულ კაფე-ბარებსა და რესტორნებში საკვებზე ფასები გაზარდა, თუმცა ყველა კვების ობიექტს ეს გადაწყვეტილება არ მიუღია.

რაც შეეხება შეზღუდვებს, კვების ობიექტები ვალდებული არიან, დახურულ სივრცეში მაგიდებს შორის დაიცვან 2-მეტრიანი დისტანცია, სტუმრებს შესვლამდე გაუზომონ სიცხე და უზრუნველყონ სადეზინფექციო ხსნარებით. ასევე დახურულ სივრცეში მომუშავე პერსონალი ვალდებულია ეკეთოს პირბადე.

მასალების გადაბეჭდვის წესი