იტალიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკური რეცესიაა. ქვეყნის სტატისტიკის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, იტალიის ეკონომიკა 8,3%-ით უნდა შემცირდეს, იუწყება „გარდიანი“.
თუმცა სტატისტიკის ინსტიტუტში მიიჩნევენ, რომ შემდეგ წელს ეკონომიკა 4,6%-ით გაიზრდება.
იტალიის ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ იტალიის მშპ-ის შემცირება 9,2%-დან 13,1%-მდე იმერყევებს, ევროკომისიას კი პროგნოზად 9,5% აქვს.
ამერიკული საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs ყველაზე ცუდ პროგნოზს აკეთებს — მათი შეფასებით, ეკონომიკას 14%-იანი კლება ელის.
იტალია ევროპის ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც ახალი კორონავირუსი დიდი მასშტაბებით გავრცელდა. ორი თვის განმავლობაში, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იტალიაში მოქმედებდა მკაცრი კარანტინი.
კვირის ბოლო მონაცემებით, იტალია მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით — 36 455-ით მეოთხე ადგილზეა. ასევე, გამოვლენილია დაავადების თითქმის 235 000 შემთხვევა.