ახალი ამბები

ჯაფარიძე: მხარს ვუჭერ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას

8 ივნისი, 2020 •
ჯაფარიძე: მხარს ვუჭერ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინებასა და მათ მიერ შვილების აყვანის დაკანონებას უჭერს მხარს და აღნიშნავს, რომ „ლელოს“ ლიდერების მიერ საკითხთან დაკავშირებით გახმიანებული პოზიცია იდენტურია სხვა პარტიებთან, რომლებსაც „ხმების დაკარგვის ეშინიათ“.

„მე მხარს ვუჭერ ერთნაირსქესიანთა ქორწინების, ისევე როგორც ერთნაირსქესიანთა ოჯახების მიერ შვილების აყვანის დაკანონებას

შესაბამისად, ის ბოდვა ჩანაწერი ამოსაშლელია კონსტიტუციიდან.

ქორწინებაში ვგულისხმობ ურთიერთობის სამოქალაქო რეგისტრაციას; რელიგიური რიტუალი კონკრეტული კონფესიის საქმეა.

ზოგადად, ვთვლი, რომ სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის, ვინ ვისთან ერთად ქმნის ოჯახს, მაგრამ თუ ასეთი (რეგისტრაციის) უფლება არსებობს, საიდანაც შემდეგ სხვა უფლებები გამომდინარეობს, ის უნდა არსებობდეს ყველასთვის, განურჩევლად ნებისმიერი ნიშნისა.

და ლელოზე ნუ გადაირევით მაინცდამაინც, სხვა პარტიებსაც იდენტური ან ოდნავ გაბლარული პოზიცია აქვთ ამ საკითხთან მიმართებაში; იმიტომ კი არა, რომ რამე პრინციპს იცავენ. ხალხის რისხვის და ხმების დაკარგვის ეშინიათ“, — წერს იგი.


მანამდე, “ლელოს” ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და დავით უსუფაშვილმა განაცხადეს, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების წინააღმდეგი იყვნენ.

უსუფაშვილის თქმით, ეს „მოსახლეობამ „ფობიობანას“ გარეშე უნდა აიტანოს“, ხაზარაძემ კი განაცხადა, რომ „ჩვენს ქვეყანაში უმცირესობის უფლებები ძალიან კარგად არის დაცული და თუ რაღაც გადახრები ხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ კანონი არ სრულდება. ანუ ვიღაცის უფლებები თუ ირღვევა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები შელახოს. [მათი უფლებები] ირღვევა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმცირესობამ უმრავლესობას მოახვიოს თავისი, ასე ვთქვათ, რაღაცა…“.

მასალების გადაბეჭდვის წესი