ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

იგეგმება ყარაბაღი-სომხეთის დამაკავშირებელი მესამე მაგისტრალის მშენებლობა

8 ივნისი, 2020 • 1060
იგეგმება ყარაბაღი-სომხეთის დამაკავშირებელი მესამე მაგისტრალის მშენებლობა

სომხეთისა და ყარაბაღის დამაკავშირებელი ახალი, მესამე მაგისტრალის მშენებლობა იგეგმება.

ყარაბაღის ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანი და სომხეთის ინფრასტრუქტურის მინისტრი სურენ პაპიკიანი 6 ივნისს ქაშათაღში/გუბადლიში იმყოფებოდნენ, სადაც ახალი მაგისტრალის მშენებლობა უნდა დაიწყოს.

ფაფიკიანის თანახმად, ახალ გზატკეცილს ექნება „სტრატეგიული მნიშვნელობა ორი სომხური რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური პროგრესისათვის“. მშენებლობის დაწყების ზუსტი თარიღი ჯერ არ დასახელებულა.

ახალ მაგისტრალზე საუბარი 2019 წელს დაიწყო. „წინასწარი დისკუსიების შედეგად, ვგეგმავთ 150 კმ-ის სიგრძის გზის მშენებლობას. გადაწყვეტილება მიღებულია“, – განუცხადა მაშინ „რადიო თავისუფლების“ სომხურენოვან სამსახურს სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა.

„ევრაზიანეტის“ ცნობით, რომელიც აქტიურად აშუქებს ყარაბაღის საკითხს, სომხეთისა და ყარაბაღის დამაკავშირებული პირველი მაგისტრალი 1998 წელს აშენდა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებიდან 4 წლის შემდეგ. ეს გზა გადის ლაჩინის კორიდორს, — ყველაზე მოკლე გზას სომხეთსა და ყარაბაღს შორის.

მეორე მაგისტრალის მშენებლობა 2017 წელს დასრულდა. ის პირველი გზის ჩრდილოეთითაა განლაგებული და მნიშვნელოვნად ამცირებს გზას ერევნიდან სტეპანაკერტამდე, ყარაბაღის დე ფაქტო დედაქალაქამდე. ეს გზა ასევე გვერდს უვლის ტერიტორიას ყარაბაღს გარეთ, რომელსაც აზერბაიჯანი ასევე ოკუპირებულად მიიჩნევს.

ყარაბაღის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ბაკო საჰაკიანი აცხადებდა, რომ მესამე მაგისტრალის მშენებლობა გააძლიერებდა ერევნის/სტეპანაკერტის კონტროლს იმ ტერიტორიაზე, სადაც ის აშენდება.

მთიანი ყარაბაღი, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, აზერბაიჯანის ტერიტორიად ითვლება. აზერბაიჯანი მას სომხეთის მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს. წლებია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო კონფლიქტი გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი