ახალი ამბები

სახლში კონდიციონერი არ ჩართოო, არავის უთქვამს – იმნაძე

5 ივნისი, 2020 • 976
სახლში კონდიციონერი არ ჩართოო, არავის უთქვამს – იმნაძე

პაატა იმნაძე კონდიციონერების ჩართვის აკრძალვასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ მათი რეკომენდაცია აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან მომდინარეობს.

იმნაძის თქმითვე, თავის მხრივ აშშ-ის დაავადებათა ცენტრი ეყრდნობა ჩინეთის ერთ-ერთ რესტორნაში მომხდარ შემთხვევას, სადაც მიიჩნევა, რომ ვირუსის გავრცელებას კონდიციონერმა შეუწყო ხელი. ამასთან, იმნაძე აცხადებს, რომ აშშ-ში სწორედ კონდიცირების საკითხზე კვლევა მიმდინარეობს და სანამ არ იქნება მყარი მტკიცებულება, რომ კონდიცირებით ვირუსის გავრცელების რისკი არ იზრდება, ეს რეკომენდაცია შენარჩუნდება.

“ჩვენი ყველა რეკომენდაცია მეცნიერულ მტკიცებულებას უნდა ემყარებოდეს. როცა პასუხისმგებლობა შენზეა, მაშინ ჯობია ცოტა მკაცრი რეკომენდაცია მისცე და ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაიცვა, ვიდრე შენი ქმედების გამო ერთი ადამიანიც კი მოკვდეს საქართველოში. აქვე დავამატებ ,რომ ეს არ ეხება ყველა კონდიციონერს. ეს ასევე არ ეხება, სახლში რომ გვაქვს საყოფაცხოვრებო კონდიციონერი, რადგან ოჯახში მაინც ერთად ვართ და ძირითადად [ვირუსის] ოჯახური კერები გაქვს, მაგრამ სახლში კონდიციონერი არ ჩართოო, არავის უთქვამს. საუბარია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საყოფაცხოვრებო კონდიციონერის გამოყენებაზე, რომელიც მხოლოდ შიდა ჰაერს ატრიალებს. იმიტომ, რომ არსებობს კონდიციონერები, რომლებსაც ჰაერი გარედან შემოაქვს და იმას აციებს.. ანუ საუბარია ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო კონდიციონერებზე, რომლებზეც ჯერ დამტკიცებული არ არის, რომ რისკს არ უმატებს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით რეკომენდაციას, რომ ასეთი ჩვეულებრივი კონდიციონერები იქნეს გამოყენებული, ვერ გავცემთ”,-ამბობს იმნაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი