ახალი ამბები

თბილისში კენჭს არ ვიყრი — უგულავა

5 ივნისი, 2020 • 1173
თბილისში კენჭს არ ვიყრი — უგულავა

თბილისის ყოფილი მერისა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის,  გიგი უგულავას თქმით, შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებზე თბილისის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს არ იყრის. ამის შესახებ მან „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

„ციფრებისგან თავს შევიკავებ, შემიძლია პრინციპები ვთქვა — თბილისში უნდა იყვნენ მაქსიმალურად პოლიტიკური ლიდერები, მე თბილისის მაჟორიტარი არ ვიქნები, სადაც ვიქნები, ეს ცნობილი გახდება, [თუმცა] პრინციპია, რომ მაქსიმალურად მრავალფეროვნად იყოს წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები და ლიდერები“, — განაცხადა უგულავამ.

ასევე, მისი შეფასებით, 4 ივნისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გახმიანებული ინიციატივა, რომლის თანახმადაც პარტია თბილისში მხოლოდ 2 მაჟორიტარ კანდიდატს დააყენებს, მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეებისთვის „კონსტრუქციული და ნორმალურია“.


გუშინ „ევროპულმა საქართველომ“ და „ლეიბორისტებმა“ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მათი აზრით, ოპოზიცია საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე თბილისში მაინც უნდა შეთანხმებულიყო. იმავე დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ მათი წარმომადგენლები თბილისში მხოლოდ 2 ოლქში — გლდანსა და სამგორში იყრიდნენ კენჭს.

5 ივნისს კი „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გამოაცხადა, რომ პარტია მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს არ დააყენებდა და თავადაც უარს ამბობდა ვაკის რაიონში შესაძლო მაჟორიტარობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი