ახალი ამბები

პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებები ოპოზიციის უფლებრივ მდგომარეობას აუარესებს – TI

5 ივნისი, 2020 • 1221
პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებები ოპოზიციის უფლებრივ მდგომარეობას აუარესებს – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი  ცვლილებები ოპოზიციის უფლებრივ მდგომარეობას აუარესებს და ორიენტირებულია უმრავლესობისთვის პრივილეგიების შექმნაზე.

პარლამენტში ინიცირებულია რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით:

  • უმცირესობა, როგორც ცალკე აღებული სუბიექტი, უქმდება. იარსებებს უმრავლესობა და ოპოზიცია;
  • ვიცე-სპიკერების რაოდენობა 9-დან 3-მდე შემცირდება, მათ შორის, აფხაზეთისა და აჭარის მაჟორიტარი დეპუტატების კვოტების გაუქმების ხარჯზე;
  • ფრაქციის შესაქმნელად 6-ის ნაცვლად 7 წევრი იქნება საჭირო. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის დეპუტატები საერთო ფრაქციას ვეღარ შექმნიან;
  • ფრაქციის ფორმირებას ვერც დამოუკიდებელი მაჟორიტარები და პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები შეძლებენ;
  • პოლიტიკური დებატების დროს უმრავლესობის ფრაქციას გამოსვლის დრო ეზრდება, პატარა ფრაქციებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს კი უმცირდებათ;
  • თავმჯდომარეს ფრაქციის ყოველ 15 წევრზე ერთი მოადგილის ყოლა შეეძლება, რაც უმრავლესობაში თანამდებობის პირების რაოდენობას გაზრდის;
  • საპროკურორო საბჭოს წევრს ოპოზიცია მისი კვოტის შესავსებად დამოუკიდებლად, უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე ვეღარ დაამტკიცებს;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში კანდიდატურას პარლამენტის უფრაქციო წევრები ვეღარ წარადგენენ;
  • მინისტრის საათის პროცედურა გაგრძელდება საკითხის ამოწურვამდე, ნაცვლად 21:00 საათისა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” რეგლამენტში შესატან ცვლილებებს უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ პარლამენტის როლის გაძლიერებისათვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა მნიშვნელოვან პროცესებში.

ორგანიზაციის შეფასებით, რეგლამენტის ჩანაწერი გასცდა კონსტიტუციის ფარგლებსა და მის სულისკვეთებას. კონსტიტუციის ნორმის მიზანია, ერთი პარტიით არჩეულმა საერთო პოლიტიკური ხედვის წევრებმა არ შექმნან რამდენიმე ფრაქცია, ფრაქციებისთვის მინიჭებული უფლებების ხელოვნურად მიღების მიზნით.

როგორიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, კონსტიტუცია არ კრძალავს რამდენიმე პარტიის სიით არჩეული წევრების მიერ საერთო ფრაქციის შექმნას და ასევე არ ითვალისწინებს შეზღუდვას საინიციატივო ჯგუფის მიერ არჩეული მაჟორიტარი პარლამენტის წევრებისთვის.

“ყურადსაღებია ის გარემოება, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად, დაბალი საარჩევნო ბარიერის პირობებში პარლამენტში შესაძლოა ოპოზიციური პარტიების ნაწილმა 7 მანდატი ვერ მოიპოვოს. პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით, მათ აღარ ექნებათ შესაძლებლობა, სხვა პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებით შექმნან ფრაქცია და ვერც იმ უფლებებით ისარგებლებენ, რაც ფრაქციებს აქვთ მინიჭებული”, – აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.

არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციებია:

  1. პარლამენტის რეგლამენტი არ გასცდეს კონსტიტუციის ჩანაწერს, რომელიც ერთი პარტიული სიით არჩეულ პარტიის წევრებს მხოლოდ 1 ფრაქციის შექმნის უფლებას აძლევს და სხვადასხვა პარტიული სიით გასულ პარლამენტის წევრებს დარჩეთ უფლება შექმნან საერთო ფრაქცია. ასევე ფრაქციის შექმნის უფლება არ უნდა შეეზღუდოთ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ პარლამენტის მაჟორიტარ წევრებს.
  2. ოპოზიციის წევრებს შეუნარჩუნდეთ უფლება, საპროკურორო საბჭოსა და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურის შესარჩევ კომისიაში თავისი კვოტით აირჩიონ წევრები და უმრავლესობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
  3. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არჩევის პროცესში კანდიდატის წარდგენის უფლება შეუნარჩუნდეთ უფრაქციო (დამოუკიდებელ) დეპუტატებს.
  4. ფრაქციებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს არ  შეეკვეცოს პოლიტიკური დებატებისას, მათ შორის ინტერპელაციის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისთვის გამოყოფილი დრო. ფრაქციებს კვლავ ნიმიმუმ 15, ხოლო დამოუკიდებელ წევრებს 5 წუთი უნდა და არა, შესაბამისად, 10 და 3 წუთი, როგორც ეს ცვლილებების ფარგლებში იგეგმება.
  5. ქვეყნისთვის სტრატეგიულად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის თითო მოადგილე აფხაზეთის ა/რ. არჩეულ პარლამენტის წევრთაგან და აჭარის ა/რ. მაჟორიტარული სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან აირჩეოდეს. ასევე მნიშვნელოვანია, პარლამენტის თანამდებობის პირის სტატუსი შეუნარჩუნდეს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს.
  6. პარლამენტის როლის გაძლიერების მიზნით, უმჯობესია რეგლამენტში ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები   შევიდეს, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების სექტორზე კონტროლის გაძლიერებას, ნდობის ჯგუფის რეფორმას, საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების დახვეწას და ოპოზიციისათვის, სულ მცირე, ერთი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დათმობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი