ახალი ამბები

გირჩი მაჟორიტარულ ოლქებში კენჭს არ იყრის

5 ივნისი, 2020 • 1361
გირჩი მაჟორიტარულ ოლქებში კენჭს არ იყრის

„გირჩი“ და მისი წევრები შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარულ ოლქებში კენჭს არ იყრიან. გირჩი არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ პარტიული სიით მიიღებს. ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც ის აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე შეთანხმდეს და უარს ამბობს, ვაკის რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი.

„გირჩიდან მე განვიხილებოდი, როგორც შესაძლო მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკეში. მე უარს ვამბობ ამ შესაძლებლობაზე, რაც ნიშნავს, რომ გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით. ლოგიკურად, შეთანხმება საერთო კანდიდატებზე თბილისის დარჩენილ 6 ოლქში ახლა უფრო მარტივი იქნება“, — წერს ჯაფარიძე.

რაც შეეხება ოპოზიციონერი კანდიდატების მხარდაჭერას, ჯაფარიძე ამბობს, რომ ილუზიაა, თითქოს ოპოზიციის ხმები მეორე ტურში დაჯამდება, თუ პარტიის ლიდერები ამომრჩეველს კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

„წამგებიანი ილუზიის შექმნაა იმის მტკიცება, რომ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების ხმები უბრალოდ დაჯამდება, თუ სხვადასხვა პარტიების ლიდერები საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდებენ ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერისკენ.

სინამდვილეში მნიშვნელოვანია, რომ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებად ისეთი ადამიანები დასახელდნენ, ვისაც მეტი შანსი აქვს მიიღოს სხვადასხვა ტიპის ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის ხმები.

კონკრეტულად, გირჩის ამომრჩევლის ხმები წავა იმ კანდიდატებისკენ, ვინც საჯაროდ დაადასტურებს, რომ მხარს დაუჭერს იმ ხედვებს, რომელთა განსახორციელებლადაც გირჩი აპირებს პარლამენტში ბრძოლას“, — აღნიშნავს იგი.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გუშინ განაცხადა, რომ თბილისში არსებული 8 ოლქიდან ისინი 6-ს დანარჩენ ოპოზიციას უთმობენ და თვითონ კანდიდატებს მხოლოდ გლდანსა და სამგორში დააყენებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი